„ბარსელონამ“ ლიონელ მესის ჰეთ-თრიქით სტუმრად „დეპორტივო“ 4:2 დაამარცხა და ესპანეთის პირველობა 25-ედ მოიგო. გუნდს ამ დროისთვის 86 ქულა აქვს, უახლოესი მდევარი კი მადრიდის „ატლეტიკოა“ 75 ქულით.
ლა კორუნიაში გამართულ მატჩში „ბარსა“ ორი ბურთით დაწინაურდა: მე-7 წუთზე ანგარიში ფილიპე კოუტინიომ უსმან დემბელეს პასით გახსნა, შემდეგ მესიმ ლუის სუარესის გადაცემიდან გაიტანა, თუმცა სამ წუთში, ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს, მეორე ნახევარში კი ანგარიში გაქვითეს, მაგრამ მატჩის მიწურულს კატალონიელთა არგენტინელმა ლიდერმა სამწუთიან ინტერვალში კიდევ ორი გოლი გაიტანა და „ბარსელონას“, რომელიც მიმდინარე ლა ლიგის მე-3 ტურიდანაა სატურნირო ცხრილის სათავეში, ჩემპიონობა მოუპოვა, თავად კი მიმდინარე გათამაშებაში 32 დაუგროვდა - მის უკან კონკურენტი კრისტიანო რონალდოა 24 გატანილი გოლით.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს, რომელიც ამ მომენტისთვის 71 ქულით მე-3 პოზიციაზეა.
აქვე შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასთვის“ ეს უკვე მეორე შიდა ტიტულია - გასულ კვირას კატალონიურმა გრანდმა ესპანეთის თასი მოიგო.