weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დავით ქევხიშვილი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

18:22 პარასკევი, 04 მაისი 2018

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ფედერაციის აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრების მიერ მის მიმართ წამოყენებული ბრალდებები უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია.

„თანამდებობაზე ბუნებრივია არავინ არის გამოკიდებული, მაგრამ პრეცედენტი, რომ რაღაც ჯგუფი უსაფუძვლოდ ითხოვდეს ამას, მე ვფიქრობ, რომ თვითონ სახელმწიფოსთვის და სისტემისთვის არ არის სწორი. რა თქმა უნდა, ყველა საკითხში, რომელსაც ისინი ამბობენ, მართალი ვარ და ტყუილად მწამებენ ცილს. ჩემი მხრიდან მათთან მიმართებაში მხოლოდ გვერდში დგომა და ყველანაირი პატივისცემა იყო გამოხატული. კონკრეტულად ერთი ფაქტი მითხრან, რაში შევუშალე ხელი რომ წარმატებისთვის მიეღწიათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, თანამდებობებზე არავინ არის გამოკიდებული. ყველაფერს აქვს თავისი დრო - მოსვლასაც და წასვლასაც“, - აღნიშნა ქევხიშვილმა.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა უარყო ნეპოტიზმის ბრალდება და ძიუდოისტების განცხადება, რომ სამწვრთნელო შტაბში საკუთარი მეგობრები ჰყავდა დასაქმებული.

დღეს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა, მათ შორის ვარლამ ლიპარტელიანმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა, დავით ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვეს. როგორც ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, ისინი ვარჯიშს და შეჯიბრებებში მონაწილეობას წყვეტენ და მანამდე არ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მანამდე დავით ქევხიშვილის გადადგომა ოლიმპიურმა ჩემპიონმა და პარლამენტის ყოფილმა წევრმა ზურაბ ზვიადაურმა მოითხოვა. ზვიადაურის თქმით, ქევხიშვილმა ფედერაციის სათავეში თავისი გუნდი მოიყვანა, არ არის კარგი მენეჯერი და ვერ ახერხებს თანხების სწორად განაწილებას.

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

შეგახსენებთ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის პარალელურად, დავით ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეცაა. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ის ყვარლის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]