weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლევან მჭედლიძის გუნდი იტალიის ჩემპიონატიდან დაქვეითდა

13:40 ორშაბათი, 29 მაისი 2017

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის 2016-2017 წლების გათამაშება საქართველოს ნაკრების წევრ ლევან მჭედლიძისთვის ცუდად დასრულდა - მისმა გუნდმა „ემპოლიმ“ ბოლო ტურში ჩემპიონატიდან უკვე გავარდნილ „პალერმოსთან“ წააგო და სერია A დატოვა. სხვა განსაკუთრებული მოვლენებიდან აღსანიშნავია 40 წლის ფრანჩესკო ტოტის უკანასკნელი მატჩი „რომაში“ და ბერგამოს „ატალანტას“ ოთხეულში შესვლა.

38-ე ტურის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა სატურნირო ცხრილის გასავარდნი ზონა იყო. „ემპოლიმ“ სეზონის მიწურული იმდენად ცუდად ჩაატარა, რომ „კროტონესთან“ 10-ქულიანი ფორა ქარს გაატანა და გავარდა. შესაბამისად, ლევან მჭედლიძე თუ კლუბს არ შეიცვლის, სერია B-ში ითამაშებს. ქართველმა აწგასრულებულ სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და 6 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ბოლოს მოედანზე „მილანთან“ სტუმრად 2:1 მოგებულ მატჩში იყო და გოლიც გაიტანა, თუმცა მალევე დაშავდა და თამაში ვეღარ მოახერხა. რაც შეეხება „კროტონეს“, მოკრძალებულმა კალაბრიულმა კლუბმა თითქმის შეუძლებელი შეძლო და ბოლო რვა მატჩიდან მხოლოდ ერთადერთი წააგო, ისიც ჩემპიონ „იუვენტუსთან“. ბოლო ტურში „კროტონემ“ შინ რომის „ლაციო“ 3:1 დაამარცხა და სერია A-ში დარჩა.

რომის „სტადიო ოლიმპიკო“ პირთამდე სავსე ბოლოს ალბათ 2001 წლის ივნისში იყო, როდესაც გუნდმა იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა, ამჯერად კი ლეგენდარული სარბიელის ტრიბუნები 25-წლიანი კარიერის შემდეგ ფრანჩესკო ტოტის გაცილების გამო გაივსო. მასპინძელმა რომაელებმა „ჯენოა“ გაჭირვებით დაამარცხეს და მეორე ადგილზე გავიდნენ, რაც გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებას აძლევთ. შეხვედრაში „რომას“ ლეგენდად ქცეული კაპიტანი მეორე ტაიმიდან ჩაერთო, მატჩის დასრულებისას კი საზეიმო ვითარებაში ემოციურად დაემშვიდობა ერთგულ ქომაგებს. ტოტიმ იტალიის ჩემპიონატის 25 სეზონში 619 მატჩი ჩაატარა და 250 გოლი გაიტანა, სულ კი „რომას“ მაისური 786-ჯერ მოირგო და 307 გოლი გაიტანა.

ამრიგად, 2016-2017 წლების სერია A „იუვენტუსის“ გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილი „რომამ“ დაიკავა“, მესამე კი - „ნაპოლიმ“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი-ოფში მოხვდა. „ატალანტა“ და „ლაციო“ ევროპა ლიგაზე იასპარეზებენ, „მილანი“ კი ამავე ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

იტალიის 2016-2017 წლების ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ანუ ე.წ. კაპოკანონიერე „რომას“ ბოსნიელი ცენტრფორვარდი ედინ ჯეკო გახდა 29 გატანილი გოლით. მას ერთი გოლით ჩამორჩა „ნაპოლის“ ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი დრის მერტენსი, მესამე ადგილი კი ბომბარდირთა დავაში „ტორინოს“ ახალგაზრდა ფორვარდმა ანდრეა ბელოტიმ დაიკავა 26 გოლით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]