weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაშავებულია 2 ძიუდოისტი, დაჭრილია იოსებ წელაური, დაკავებულია ლომერ ჟორჟოლიანი

15:32 პარასკევი, 01 ივნისი 2018
ფოტოზე ლომერ ჟორჟოლიანი ფოტოზე ლომერ ჟორჟოლიანი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი, 1985 წელს დაბადებული ლომერ ჟორჟოლიანი დააკავა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.

სამინისტროს ინფორმაციით, 31 მაისს, საღამოს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე პატრულირების დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე მოჩხუბარი მამაკაცი შენიშნეს. პატრულ-ინსპექტორები დაუყოვნებლივ შეეცადნენ მათ შორის დაპირისპირების განმუხტვას, რა დროს ერთ-ერთმა პირმა  ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. გასროლის შემდეგ, ინციდენტში მონაწილე პირების ერთი ნაწილი მიიმალა, ხოლო ლომერ ჟორჟოლიანი პოლიციამ ადგილზევე დააკავა.

ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული ორი პირი - 1990 წელს დაბადებული ლ.ყ. და 1993 წელს დაბადებული გ.გ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება  საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილი და ამოღებულია "ტე-ტე"-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე.

იმავე დღეს, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დავით აღმაშენებლის გამზირიდან გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში მიყვანილ იქნა 1983 წელს დაბადებული იოსებ წელაური, რომელსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამირან პაპინაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და სხვები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან დავით ქევხიშვილის გადადგომას 4 მაისიდან ითხოვენ. ნაკრების წევრები არ მონაწილეობენ ვარჯიშსა და შეჯიბრებებში, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. სპორტსმენებმა ფედერაცია კუთვნილი ანაზღაურების მითვისებაში დაადანაშაულეს. ძიუდოისტებმა ქევხიშვილის სამუშაო ოთახის კარიც აუჭედეს. დავით ქევხიშვილმა კი განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, ამ პროცესების უკან რაღაც ჯგუფები დგას.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას წინ უძღოდა 26-29 აპრილს, თელ-ავივში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი ასპარეზობა. ძიუდოს ნაკრების საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. საქართველოს ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]