weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ერთა ლიგაზე საქართველოს შესაძლო კონკურენტები გამოიკვეთნენ

12:25 ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018

სექტემბრის სანაკრებო ბატალიები დასრულებულია. UEFA-ს ერთა ლიგაზე ორი ტური მიილია და ჩვენი ყველაზე დიდი ინტერესიც D დივიზიონმა მიიპყრო, რადგან სწორედ აქედან გადის საქართველოს ნაკრების გზა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე.

D დივიზიონში 16 ნაკრებია, რომლებიც ოთხ ოთხგუნდიან ქვეჯგუფში არიან განაწილებულნი. ოთხი ქვეჯგუფის ოთხი გამარჯვებული გუნდი პლეი-ოფით გააგრძელებს ბრძოლას და ერთმანეთში გამოავლენენ ევროპის 2020 წლის მონაწილე ერთ გუნდს.

A ჯგუფი

ამ ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრები ასპარეზობს და ჩვენდა სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ „ჯვაროსნებს“ დიდი ნაბიჯი აქვთ გადადგმული დივიზიონის ნახევარფინალისკენ. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ყაზახეთი (2:0) და ლატვია (1:0) დაამარცხა და ორი ტურის თავზე ლიდერია, თანაც ქართველთა ამოცანას ისიც აადვილებს, რომ ამ ჯგუფის სხვა მატჩებში სხვა გამარჯვებული არ გამოვლენილა. მეორე პოზიციაზე ანდორის ნაკრებია, რომელმაც ორი ფრე გაახერხა ლატვიასთან (0:0) და ყაზახეთთან (1:1). მომდევნო ტურში, 13 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ანდორას დაუხვდება, ხოლო იმავე დღეს რიგაში, ლატვია ყაზახეთის მასპინძელი იქნება.

  1. საქართველო - ქულა 6, ბურთები 3:0
  2. ანდორა - ქულა 2, ბურთები 1:1
  3. ლატვია - ქულა 1, ბურთები 0:1
  4. ყაზახეთი - ქულა 1, ბურთები 1:3

B ჯგუფი

ორი ტურის შემდეგ B ჯგუფს ლუქსემბურგის ნაკრები ლიდერობს, რომელმაც ჯერ მოლდოვა გაანადგურა შინ 4:0, ხოლო შემდეგ უსუსტესი სან მარინო 3:0 დაამარცხა სტუმრად. მეორე ადგილზეა ბელარუსის ნაკრებია, რომელმაც სან მარინოს შინ 5:0 კი მოუგო, მაგრამ მერე სტუმრად მოლდოვას ვერაფერი დააკლო - 0:0. 12 ოქტომბერს, მინსკში, ბელარუსის ნაკრები სწორედ მნიშნელოვანი პროგრესის გზაზე მდგარ ლუქსემბურგს უმასპინძლებს, იმავე დღეს  მოლდოვა სან მარინოს შინ დაუხვდება.

  1. ლუქსემბურგი - ქულა 6, ბურთები 7:0
  2. ბელარუსი - ქულა 4, ბურთები 5:0
  3. მოლდოვა - ქულა 1, ბურთები 0:4
  4. სან მარინო - ქულა 0, ბურთები 0:8

C ჯგუფი

კოსოვოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველი ოფიციალური შეხვედრა მოიგო და ეს ფარერებთან გააკეთა - 2:0, იქამდე კი იყო ფრე სტუმრად აზერბაიჯანთან (0:0). თავის მხრივ, ჩვენმა მეზობლებმა მეორე ტურშიც ვერ მოახერხეს გამარჯვება და მალტასთან ოდენ ქულით დაკმაყოფილდნენ (1:1). ორი ტურის შემდეგ ამ ქვეჯგუფში დაძაბული ვითარებაა და მალტის ნაკრების გარდა, ჯგუფიდან გასვლის პრეტენზია სამივე ნაკრებს გააჩნია. მომდევნო ტურში 11 ოქტომბერს, კოსოვო მალტას, ფარერის კუნძულები კი აზერბაიჯანს უმასპინძლებს.

  1. კოსოვო - ქულა 4, ბურთები 2:0
  2. ფარერის კუნძულები - ქულა 3, ბურთები 3:3
  3. აზერბაიჯანი - ქულა 2, ბურთები 3:3
  4. მალტა - ქულა 1, ბურთები 2:4

D ჯგუფი

საქართველოს ნაკრებისთვის პოტენციურად ყველაზე სახიფათო მეტოქე ალბათ სწორედ ამ ჯგუფშია - მაკედონიამ ჩინებულად დაიწყო ასპარეზობა და გიბრალტარი და სომხეთი ერთნაირი ანგარიშებით დაამარცხა საწყის ორ ტურში (2:0). 3-3 ქულა აქვთ ლიხტენშტაინისა და სომხეთის ნაკრებებს, ხოლო გიბრალტარი უშანსოდაა დარჩენილი. მომდევნო ტურში 13 ოქტომბერს, მაკედონია ლიხტენშტაინს, სომხეთი კი გიბრალტარს უმასპინძლებს.

  1. მაკედონია - ქულა 6, ბურთები 4:0
  2. ლიხტენშტაინი - ქულა 3, ბურთები 3:2
  3. სომხეთი - ქულა 3, ბურთები 2:3
  4. გიბრალტარი - ქულა 0, ბურთები 0:4
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]