weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროპაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტური დასრულდა

12:00 ორშაბათი, 12 ივნისი 2017

რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები, საქართველოს ნაკრების მსგავსად, სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც გამართეს, სადაც რამდენიმე საინტერესო შედეგი დაფიქსირდა.

C ჯგუფში უხვგოლიან სვლას აგრძელებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები, რომელმაც ამჯერად გადახალისებული შემადგენლობით შინ უსუსტესი სან-მარინო რვა უპასუხო გოლით დასაჯა. ნიურნბერგში გამართულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქით თავი „ჰოფენჰაიმელმა“ სანდრო ვაგნერმა გამოიჩინა, თითო გოლი კი იულიან დრაქსლერის, ამინ იუნესის, შკოდრან მუსტაფისა და იულიან ბრანდტის ანგარიშზეა. იოახიმ ლიოვის გუნდს ექვს ტურში ექვსი გამარჯვება აქვს, გოლების შეფარდება კი - 27:1. ამავე ჯგუფში დასანანი მარცხი იწვნია აზერბაიჯანის ნაკრებმა, რომელმა ბაქოს ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე ჩრდილო ირლანდიელებისგან გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვა. ნორვეგია და ჩეხეთი კი ოსლოში ყაიმზე შეთანხმდნენ.

D ჯგუფში, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი გამოდის, სამივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. დუბლინსა და ბელგრადში გამართული შეხვედრები: ირლანდია - ავსტრია და სერბეთი - უელსი, ორივე 1:1 მორჩა, რამაც ჩვენი ჯგუფის ლიდერებად 12-12 ქულით ისევ სერბეთი და ირლანდია დატოვა.

E ჯგუფში პირველადგილოსანმა პოლონეთმა რუმინეთს უმასპინძლა და რობერტ ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქით დაამარცხა. პოლონელ გოლეადორს მიმდინარე შესარჩევ ციკლში 11 გოლი დაუგროვდა და კრისტიანო რონალდოს დაეწია. ამავე ქვეჯგუფში სამი გოლი გაიტანა ჩერნოგორიელმა სტევან იოვეტიჩმაც, რომელმაც სომხეთს შეუსრულა ჰეთ-თრიქი.

F ჯგუფში ცენტრალური დაპირისპირება გლაზგოს „ჰემპდენ პარკზე“ შედგა. პირველი გოლი შოტლანდიამ 70-ე წუთზე „არსენალელი“ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენისგან მიიღო, თუმცა მასპინძელთაგან „სელტიკის“ ფორვარდმა ლი გრიფითსმა 87-ე და 90-ე წუთზე პრინციპულ მეტოქეს დუბლი შეუსრულა და ის-ის იყო „სკოტები“ ზეიმისთვის ემზადებოდნენ, „ტოტენჰემელმა“ ჰარი კეინმა დამატებულ მესამე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიელებს ორი ქულა წაართვა, ინგლისს კი 1 ქულა მოუტანა. თავიანთი შეხვედრები მოიგეს სლოვენიამ და სლოვაკეთმა, რომლებიც ამ ჯგუფში მეორე ადგილისთვის ეცილებიან ერთმანეთს.

G ჯგუფში ორხელისუფლებიანობა გრძელდება. ესპანეთმა დავიდ სილვასა და დიეგო კოსტას ადრეული გოლებით სტუმრად მაკედონია დაამარცხა, იტალიამ კი ქალაქ უდინეს „ფრიულის“ სტადიონზე ხუთი გოლი გაუტანა ბოლოადგილოსან ლიხტენშტაინს. ორივე გრანდს 16-16 ქულა აქვს. საინტერესო შედეგი დაფიქსირდა ამავე ჯგუფის მესამე მატჩში, სადაც ალბანეთმა სტუმრად ქალაქ ჰაიფაში ისრაელის ნაკრები 3:0 დაამარცხა და პირველ წრეში ამავე ანგარიშით საკუთარ კედლებში მარცხისთვის რევანში აიღო.

საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია თითქმის თანაბარი გუნდებით დაკომპლექტებულ I ჯგუფში, სადაც მუნდიალზე გასასვლელად ოთხი გუნდი აცხადებს პრეტენზიას. ისლანდიამ პირველადგილოსანი ხორვატია მატჩის ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა და მასავით 13 ქულას მოუყარა თავი, ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილმა უკრაინის ნაკრებმა სტუმრად ფინეთი მინიმალური სხვაობით დაამარცხა, თურქეთმა კი სტუმრად იოლად შეძლო კოსოვოს ძლევა და უკრაინის მსგავსად 11 ქულა აქვს.

მატჩების ანგარიშები:

C ჯგუფი:

აზერბაიჯანი 0:1 ჩრდილოეთ ირლანდია

გერმანია 7:0 სან-მარინო

ნორვეგია 1:1 ჩეხეთი

D ჯგუფი:

მოლდოვა 2:2 საქართველო

ირლანდია 1:1 ავსტრია

სერბეთი 1:1 უელსი

E ჯგუფი:

ყაზახეთი 1:3 დანია

მონტენეგრო 4:1 სომხეთი

პოლონეთი 3:1 რუმინეთი

F ჯგუფი:

შოტლანდია 2:2 ინგლისი

სლოვენია 2:0 მალტა

ლიტვა 1:2 სლოვაკეთი

G ჯგუფი:

ისრაელი 0:3 ალბანეთი

მაკედონია 1:2 ესპანეთი

იტალია 5:0 ლიხტენშტაინი

I ჯგუფი:

ფინეთი 1:2 უკრაინა

ისლანდია 1:0 ხორვატია

კოსოვო 1:4 თურქეთი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]