როგორც უცხოური გამოცემები იტყობინებიან, კატრინ მაიორგას ადვოკატის, ლესლი მარკ სტოვალის განცხადებით, რონალდომ მისი კლიენტის გარდა, სხვა ქალიც გააუპატიურა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია, თუმცა შესაძლოა, მეორე შემთხვევაზეც საქმე აღიძრეს ლას ვეგასის სასამართლოში.
შეგახსენებთ, რომ კატრინ მაიორგას თქმით, რონალდომ იგი 2009 წელს, ლას ვეგასში გააუპატიურა და გასაჩუმებლად ფულადი კომპენსაცია გადაუხადა.
სექს-სკანდალში გახვეული პორტუგალიელი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში სწორედ აღნიშნული ამბის გამო აღარ გამოძახეს, თუმცა მისმა ამჟამინდელმა კლუბმა, ტურინის „იუვენტუსმა“ და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ მხარდაჭერა საჯაროდ აღუთქვეს.
კრისტიანო რონალდო თავის მხრივ, ზემოხსენებულს შეთქმულებას უწოდებს და ყველაფერში „რეალის“ გავლენიან პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ადანაშაულებს, რომელიც ფეხბურთელის აზრით, მადრიდიდან წასვლის გამო უწყობს ამ ყველაფერს.