უაიტი ბალჯერი 16-წლიანი დევნის შემდეგ 2011 წელს კალიფორნიაში კინოთეატრიდან გამოსვლისას დააკავეს. მას 11 ადამიანის მკვლელობა ედებოდა ბრალად. 2013 წელს ცნობილ კრიმინალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
ირლანდიული ფესვების მქონე ბალჯერი ბოსტონში მოქმედი ირლანდიური კრიმინალური დაჯგუფება Winter Hill-ის წევრი ადრეულ ასაკში გახდა, მოგვიანებით კი დაჯგუფებას სათავეში ჩაუდგა. ბოსტონის კრიმინალური იმპერიის სათავეში ყოფნის დროს სისასტიკით გამორჩეული უაიტი ბალჯერი გარეული იყო ნარკოვაჭრობაში, აზარტულ თამაშებსა და მკვლელობებში. მისი დაჯგუფების წევრები ხშირად ბანკებსაც ძარცვავდნენ. დაკავებამდე გარკვეული პერიოდი იგი FBI-ის ინფორმატორი იყო და გამოძიების ფედერალურ ბიუროს სხვა განგსტერებზე ცნობებს აწვდიდა.
უაიტი ბალჯერის შესახებ არსებობს ჰოლივუდური ბიოგრაფიული დრამა „შავი მესა“, სადაც მისი როლი ჯონი დეპმა შეასრულა. განგსტერის კრიმინალური ცხოვრების მოტივები კი ასევე გამოიყენეს მარტინ სკორსეზეს ოსკაროსან ფილმში „განდგომილები“, სადაც ჯეკ ნიკოლსონის ბოსტონელი განგსტერი პერსონაჟის პროტოტიპი სწორედ ჯეიმს ჯოზეფ ბალჯერი გახლავთ.