weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

რუსეთმა ევროპისთვის გაზის მიწოდება გაურკვეველი ვადით შეაჩერა

13:31 შაბათი, 03 სექტემბერი 2022

რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მეშვეობით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება გაურკვეველი ვადით სრულად შეაჩერა. ტექნიკური სამუშაოების გამო 31 აგვისტოს შეწყვეტილი მიწოდება 2 სექტემბერს უნდა აღდგენილიყო, თუმცა ასე არ მოხდა.

რუსული კომპანია თავდაპირველი პირობის შეუსრულებლობის მიზეზად საკომპრესორო სადგურ „პორტოვაიაზე“ ძრავის ზეთის გაჟონვას ასახელებს. „გაზპრომის“ განცხადებით, ტექნოლოგიური ზედამხედველობის ფედერალური სამსახურისგან („როსტეხნადზორი“) მიიღებს გაფრთხილება, რომ აღმოჩენილი დაზიანებები არ იძლევა ტურბინის ძრავის უსაფრთხოდ მუშაობის საშუალებას.

„ამასთან დაკავშირებით აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება და გამოვლენილი უხეში დარღვევების გამო გაზის კომპრესორის Trent 60-ის ექსპლუატაციის შეჩერება. შენიშვნების აღმოფხვრამდე, „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენში გაზის ტრანსპორტირება მთლიანად შეჩერებულია“, – ნათქვამია „გაზპრომის“ განცხადებაში.

საპასუხოდ გერმანულმა კომპანია Siemens Energy AG-მა განაცხადა, რომ ძრავის ზეთის გაჟონვა გაზსადენის მუშაობის შეწყვეტის ტექნიკურ მიზეზს არ წარმოადგენს. „ასეთი გაჟონვები, როგორც წესი, არ მოქმედებს ტურბინის მუშაობაზე და შეიძლება ადგილზე შეკეთდეს“.

Siemens Energy-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი პრობლემების აღმოფხვრა სარემონტო სამუშაოების ფარგლებში ჩასატარებელი რუტინული ოპერაციაა და წარსულში ასეთ გაჟონვას გაზსადენის მუშაობის შეწყვეტა არ გამოუწვევია. კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, ტექნიკურ სამუშაოებში ჩაერთოს.

„ჩვენ უკვე რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ „პორტოვაიას“ საკომპრესორო სადგურზე არის სხვა ტურბინები „ჩრდილოეთ ნაკადის“ მუშაობისთვის“, – აცხადებს Siemens Energy.

ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ „გაზპრომმა“ გაზსადენის მუშაობა მოგონილი საფუძვლით შეაჩერა. როგორც კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა განაცხადა, ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მტკიცებულებაა იმისა, რომ „გაზპრომი“ არასაიმედო მიმწოდებელია.

„ეს ასევე დასტურია რუსეთის ცინიზმისა, რადგან მას კონტრაქტების შესრულებას გაზის დაწვა ურჩევნია“, – დაწერა Twitter-ზე მამერმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს, რომ „გაზპრომის“ სვლა გასაკვირი არ არის.

„ბუნებრივი აირის იარაღის გამოყენება ვერ შეცვლის ევროკავშირის მტკიცე გადაწყვეტილებას. დავაჩქარებთ სვლას ენერგოდამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“, – აცხადებს მიშელი.

გერმანული Deutsche Welle-ს ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უარი თქვა „გაზპრომის“ განცხადების კომენტირებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ სამინისტროს ბოლო კვირებში რუსეთის არასანდოობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

„შესაბამისად, ვაგრძელებთ ზომების მიღებას რუსული ენერგორესურსებისგან დამოუკიდებლობის გაძლიერების მიზნით“, – განაცხადეს სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტების მოძიების სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს.

1224 კმ სიგრძის „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენით ბუნებრივი აირი რუსეთის ჩრდილოეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში ჩადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]