ტაიზში მცხოვრები ადგილობრივი მასწავლებლის სახლი პატარებისთვის სკოლადაა ქცეული. აბდელ ალ-შორბაგიმ საკუთარი ნახევრად აშენებული საცხოვრებელი სკოლად გადააკეთა და უკვე მეოთხე წელია, სამოქალაქო ომის პირობებში ყოველდღიურად 700 ბავშვს ასწავლის.
აბდელ ალ-შორბაგის სკოლაში 6-დან 15-წლამდე ბავშვები სწავლობენ. მათ განათლებაზე ყოველდღიურად 16 მოხალისე მასწავლებელი ზრუნავს. სასკოლო წიგნებსა და სხვა აუცილებელ ნივთებს ბავშვები სხვადასხვა შემოწირულობებით იღებენ. ისინი მათემატიკას, ინგლისურ ენასა და საბუნებისმეტყველო საგნებს ითვისებენ.
სკოლის ინვენტარის არარსებობის გამო, მოსწავლეებს განათლების მიღება ექსტრემალურ პირობებში უწევთ, სადაც კედლების მაგივრობას დახეული ფარდები ასრულებს. საკლასო მერხების ნაცვლად კი მოსწავლეებს რვეულები მუხლებზე უდევთ.
ავიაიერიშის შედეგად ქვეყანაში 2500 სკოლა დაზიანდა ან ბოლომდე დაინგრა. დღეს იემენში ორ მილიონამდე ბავშვი საშუალო განათლებას ვერ იღებს. ერთადერთი ალტერნატივა მცირე რაოდენობის კერძო სკოლებია. თუმცა აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებებში განათლების მიღება ყოველთვიურად 100 000 იემენური რიალი, ანუ 400 აშშ დოლარი ღირს, რაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელია.
იემენში სამოქალაქო დაპირისპირება 2015 წლიდან მიმდინარეობს. ერთმანეთს სახელისუფლებო ძალები და ამბოხებული შიიტი ზეიდიტები ებრძვიან, თუმცა მარიონეტულ ომში რეგიონის ორი წამყვანი ქვეყანა, საუდის არაბეთი და ირანი აქტიურად არიან ჩართულნი. სამოქალაქო დაპირისპირებას ოფიციალური მონაცემებით, ათი ათასი ადამიანი შეეწირა, ათობით ათასი პირი კი იძულებული გახდა, მშობლიური სახლი დაეტოვებინა.