weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საბერძნეთი მღვდლებს საჯარო მოხელის სტატუსს ჩამოართმევს და ხელფასს აღარ გადაუხდის

11:17 ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018

საბერძნეთში მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები სახელმწიფოსგან ხელფასს ვეღარ მიიღებენ. BBC-ის ინფორმაციით, შესაბამისი შეთანხმება, რომელიც საერო და სასულიერო ხელისუფლებების გამიჯვნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა და არქიეპისკოპოსმა იერონიმ II-მ გააფორმეს.

შეთანხმების მიხედვით, მღვდლები და ეპისკოპოსები საჯარო მოხელეებად აღარ მიიჩნევიან. სახელმწიფო ეკლესიას გამოუყოფს სუბსიდიას, რაც მღვდლების ხელფასს მოხმარდება, თუმცა ისინი საჯარო მოხელის სტატუსით ვეღარ ისარგებლებენ. ყოველწლიური სუბსიდიის მოცულობა 200 მილიონი ევროა. თანხის ეს ოდენობა არ შეიცვლება მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს. თავის მხრივ ეკლესია პირობას დებს, რომ ქონებაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადდება, პრეტენზიას აღარ გამოთქვამს.

მოსალოდნელია, რომ შეთანხმება 10 ათასზე მეტ ღვთისმსახურს შეეხება. ბერძენი სასულიერო პირების ასოციაციამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საჯარო მოხელის სტატუსის ჩამორთმევით, ღვთისმსახურები არსებულ უფლებებს დაკარგავენ. ასოციაციამ ნეგატიურად შეაფასა ისიც, რომ შეთანხმება ფართო დისკუსიის გარეშე გაფორმდა, რის გამოც მღვდლები თავს მოტყუებულად გრძნობენ.

ციპრასისა და იერონიმ II-ის შეთანხმება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პარლამენტი და ეკლესიის იერარქები დაამტკიცებენ.

საბერძნეთის კონსტიტუციით მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]