weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ინტერპოლის პრეზიდენტად შესაძლოა რუსი გენერალი აირჩიონ

10:51 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018

21 ნოემბერს, დუბაიში ინტერპოლის გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართება, რომელზეც ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. ბრიტანული გამოცემა „ტაიმსის“ ინფორმაციით, ამ თანამდებობას სავარაუდოდ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, გენერალი ალექსანდრ პროკოპჩუკი დაიკავებს.

პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელად პროკოპჩუკის შესაძლო არჩევას საზოგადოებრივი გაერთიანება „თავისუფალი რუსეთის ფორუმი“ ეწინააღმდეგება, რომლის განცხადებით, ინტერპოლის მსგავს გავლენიან ორგანიზაციას არ უნდა ხელმძღვანელობდეს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც საკუთარი მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებას ხელყოფს, არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, ანექსირებული აქვს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიები და რამდენიმე აგრესიულ ომში მონაწილეობს. „თავისუფალი რუსეთის ფორუმი“ ინტერპოლის გენერალურ ასამბლეას მოუწოდებს, უარი თქვას რუსეთის წარმომადგენლის მხარდაჭერაზე.

ინტერპოლის პრეზიდენტად რუსი გენერლის შესაძლო არჩევას აპროტესტებს უკრაინაც. შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, რუსის თავმჯდომარეობა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიზნებს. გენერალ პროკოპჩუკის არჩევის შემთხვევაში, უკრაინის შსს ინტერპოლის წევრობის შეჩერებას აპირებს.

ინტერპოლის პრეზიდენტად რუსი გენერლის არჩევას ეწინააღმდეგებიან ამერიკელი სენატორებიც. რესპუბლიკელებმა - მარკო რუბიომ და როჯერ უიკერმა და დემოკრატებმა - ჯინ შაჰინმა და ქრის კუნსმა ინტერპოლის გენერალურ ასამბლეას და შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიმართეს, არ დაუშვან ინტერპოლის ხელმძღვანელად პროკოპჩუკის არჩევა. სენატორები აღნიშნავენ, რომ რუსეთი მუდმივად არღვევს ინტერპოლის წესებს და ორგანიზაციას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების, დისიდენტებისა და ჟურნალისტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის, გენერალი პროკოპჩუკი კი პირადად მონაწილეობდა დაშინების, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებისა და პუტინის ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერების სტრატეგიის განხორციელებაში.

გენერალი პროკოპჩუკი 2016 წლიდან იკავებს ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ინტერპოლის ხელმძღვანელი, ჩინელი მენ ჰუნვეი თავის სამშობლოში კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]