"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, თურქეთის განათლების სამინისტროს სასწავლო პროგრამების საბჭოს ხელმძღვანელმა ალფასლან დურმუშმა განაცხადა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან ევოლუციის თეორია მე-9 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოში აღარ შევა. დურმუშმა აღნიშნა, რომ მოსწავლეები ძალიან ახალგაზრდები არიან იმისთვის, რომ სადაო საგნები გაიგონ. მისივე თქმით, ამ საკითხების შესწავლა სკოლის დასრულების შემდეგ, ბაკალავრიატის საფეხურზე იქნება შესაძლებელი.
"თურქეთი მეორე ქვეყანა იქნება საუდის არაბეთის შემდეგ, რომელიც სასკოლო პროგრამიდან ევოლუციის თეორიას ამოიღებს. ირანშიც კი ევოლუციის თეორიას 60 საათი აქვს დათმობილი, თავად დარვინს კი 11",- განაცხადა მასწავლებელთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა.
სასკოლო პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკვე მოიწონა. ოპოზციას კი მიაჩნია, რომ ერდოღანი და მმართველი პარტია ცდილობენ, ქვეყანა დააშორონ იმ საფუძვლებს, რაზეც აშენებულია და საზოგადოება უფრო კონსერვატიული გახადონ.
ისლამის თანახმად, სამყარო ალაჰმა შექმნა. ყურანში აღწერილია, რომ მან პირველი ადამიანი - ადამი თიხისგან გამოძერწა. რელიგიური წრეებისთვის ევოლუციის თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანსა და მაიმუნს საერთო წინაპარი ჰყავთ, მიუღებელია.