ჟურნალისტების ცნობით, ერთმა კოლუმბიელმა ნარკომოვაჭრემ ჩვენების მიცემის დროს მოსამართლეს უთხრა, რომ მექსიკის ყოფილმა ლიდერმა სოლიდური თანხა 2012 წელს, თანამდებობაზე დანიშვნამდე მიიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ელ ჩაპო“ ბოლოს 2016 წელს, სწორედ ენრიკე პენია ნიეტოს პრეზიდენტობის დროს დააკავეს და აშშ-ში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მექსიკელი ნარკობარონის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანხას მექსიკის ორ ყოფილ პრეზიდენტს, ენრიკე პენია ნიეტოსა და ფელიპე კალდერონს უხდიდა. ორივე ყოფილი ლიდერი ბრალდებას უარყოფს.
ხოაკინ არჩევალდო გუსმან ლოერა პირველად 1993 წელს გვატემალაში დააკავეს, მექსიკაში გადაიყვანეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, 2001 წელს კი ის ციხიდან გაიქცა. ამ პერიოდში სინალოას კარტელი იზრდებოდა და მას თავად გუსმანი ციხიდან, ასევე მისი ძმა არტურო მართავდა. „ელ ჩაპო“ მექსიკურ კარტელებს შორის გაჩაღებულ ომშიც მონაწილეობდა, სახელგანთქმულ ნარკობარონზე კი მასშტაბური ნადირობა გამოცხადდა. ხოაკინ გუსმანი მეორედ 2014 წელს დააკავეს, მომდევნო წელს კი კვლავ მოახერხა გაქცევა. მესამედ იგი, როგორც უკვე დავწერეთ, 2016 წელს დააპატიმრეს.