ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობს, მცირერიცხოვანი ქრისტიანული ჯგუფები წინააღმდეგობებს ხვდებიან. ჩრდილეოთ კავკასიაში ისინი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და საზოგადოების წნეხის ქვეშ არიან, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც სარწმუნოება შეიცვალეს და უწინ ისლამის მიმდევრები იყვნენ. როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, ზოგიერთ რეგიონში მორწმუნეები იძულებულნი არიან, ინფორმაცია საკუთარი აღმსარებლობის შესახებ საიდუმლოდ დატოვონ.
ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ქრისტიანებზე თავდასხმები მოხდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემვალ მუსლიმურ რესპუბლიკებში, მათ შორის, დაღესტანსა და ჩეჩნეთში. ანგარიშში საუბარია 2018 წლის 18 თებერვალს დაღესტნის ქალაქ ყიზლარიში მომხდარ ფაქტზე, როდესაც 5 ქრისტიანი მოკლეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი, სადაც 118 127 000 ქრისტიანი ცხოვრობს, Open Doors-ის სიაში ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად მოხვდა. სიის სათავეში ზედიზედ მე-16-ედ ჩრდილოეთ კორეაა. მას მოსდევენ ავღანეთი, სომალი, ლიბია, პაკისტანი, სუდანი, ერიტრეა, იემენი, ირანი და სხვა ქვეყნები.