კაშხლის გარღვევის შედეგად წარმოქმნილმა წყლის ნაკადმა, რომელიც მეტალურგიული მრეწველობის ნარჩენებით იყო დაბინძურებული, რამდენიმე ფერმერულ დასახლებას გადაუარა. საჭირო გახდა უახლოესი რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუირება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის საბადოს 100 თანამშრომელია. ისინი ადმინისტრაციულ შენობაში სადილობდნენ, როდესაც ღვარცოფმა გადაუარათ.
მაღარო, სადაც კატასტროფა მოხდა, რკინის მომპოვებელ უმსხვილეს ბრაზილიურ კორპორაციას Vale-ს ეკუთვნის. კომპანიის სახელს რამდენიმე მსგავსი შემთხვევა უკავშირდება. მაგალითად, 2015 წლის ნოემბერში, მისი შვილობილი კომპანიის საკუთრებაში არსებული კაშხლის გარღვევას ეკოლოგიური კატასტროფა მოჰყვა. მაშინ 19 ადამიანი დაიღუპა, 600 კი უსახლკაროდ დარჩა. დაბინძურდა მდინარე რიუ–დოსი და მისი შენაკადები.