weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

16:18 შაბათი, 16 მარტი 2019

ახალ ზელანდიაში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შემდეგ დაკავებულ ავსტრალიელს, 28 წლის ბრენტონ ტარანტს ბრალი მკვლელობისთვის წარედგინა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ის უკვე წარდგა ქრაისთჩერჩის რაიონული სასამართლოს წინაშე და 5 აპირალმდე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მეჩეთებში გუშინ, ლოცვის დასრულების შემდეგ მომხდარ მასობრივ მკვლელობას ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ტერორიზმი უწოდა. ბოლო ინფორმაციით, მოკლულია 49 ადამიანი, ათობით კი დაჭრილია.

ბრენტონ ტარანტის ეჭვმიტანილად იდენტიფიცირება სოციალურ მედიაში მისი აქტივობის საფუძველზე მოხდა, რადგან ის ალ ნურის მეჩეთზე თავდასხმას თავზე დამაგრებული კამერის მეშვეობით, ფეისბუქის პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ვიდეოს მიხედვით, ტარანტი მეჩეთში შემხვედრ მლოცველებს ცეცხლს უხსნის, შემდეგ იარაღის დასატენად ავტომანქანაში ბრუნდება და ისევ მეჩეთში შედის, სადაც სროლას აგრძელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ალ ნურის მეჩეთში ბრენტონ ტარანტმა 41 ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც ქალაქის გარეუბანში, ლინვუდში მდებარე მეჩეთისკენ გაემართა. შვიდი წუთის შემდეგ ის ლინვუდში იყო და 7 ადამიანი იმსხვერპლა. ლინვუდის მეჩეთში მას ვიდეო აღარ გადაუღია.

პოლიციამ ტარანტი თავისივე ავტომობილში დააკავა, საიდანაც ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ეჭვმიტანილი თავდასხმების სერიის გაგრძელებას აპირებდა. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით კიდევ ორი პირი დააკავა. დანაშაულთან მათი კავშირის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში გავრცელდა ტარანტის შაშხანის მჭიდის ფოტო, რომელზეც დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია. გუშინვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ტარანტს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომხდარის შემდეგ იარაღთან დაკავშირებული კანონმდებლობა შეიცვლება.

ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტს მსოფლიოს პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების გამოხმაურებები მოჰყვა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის აზრით, მომხდარი უკავშირდება ისლამოფობიას, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ გაჩნდა. „ტერორის ნებისმიერ აქტის დროს კოლექტიურად ხდება 1.3 მილიარდი მუსლიმის დადანაშაულება“, – წერს იმრან ხანი სოციალურ ქსელში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]