შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბუკინგემის სასახლეს მეუღლესთან, ასევე შვილთან - ივანკა ტრამპთან და სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად ეწვია. მოგვიანებით, ბრიტანეთის მონარქი ბუკინგემის სასახლეში სახელმწიფო ბანკეტს უმასპინძლებს, რომელსაც ასევე კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია დაესწრებიან.
ტრამპი გაერთიანებულ სამეფოში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. შეხვედრის მთავარი თემა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება იქნება, რომელიც ორ ქვეყანას შორის შესაძლოა, „ბრექსიტიდან“ რამდენიმე თვეში გაფორმდეს.
5 ივნისს დონალდ ტრამპი პორტსმუთში გაემგზავრება, სადაც ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხდომის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. იმავე დღეს დონალდ ტრამპი ირლანდიას ესტუმრება და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ლეო ვარადკარს შეხვდება.
6 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტი საფრანგეთში, ნორმანდიაში ჩავა და ქალაქ კოლვილ-სიუ-მერში ამერიკელი სამხედროების სასაფლაოზე დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრება. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის პრეზიდენტიც. ამის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები შეხვედრას ზღვისპირა ქალაქ კანში გამართავენ.