ბიულეტენების 98%-ის დათვლის შედეგად, იმამოღლუს ხმების 53.9% აქვს მიღებული, ხოლო ილდირიმს - 45.2%. ამ უკანასკნელმა უკვე აღიარა მარცხი და კონკურენტს გამარჯვება მიულოცა.
49 წლის ექრემ იმამოღლუ ბეილიქდუზუს რაიონის გამგებელი იყო. მიმდინარე წლის მარტამდე, ვიდრე არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას დააყენებდა, მის შესახებ ბევრმა არ იცოდა. მისმა ოპტიმისტურმა ლოზუნგმა „ყველაფერი კარგად იქნება“ სტამბოლის ამომრჩეველთა მოწონება დაიმსახურა.
იმამოღლუს მოწინააღმდეგე ბენალი ილდირიმი კი მმართველი პარტიის - სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო 2016-2018 წლებში. მისი მმართველობის დროს თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა და პრემიერის თანამდებობა გაუქმდა. ბენალი ილდირიმი მიმდინარე წლის თებერვალში მეჯლისის თავმჯდომარედ აირჩიეს, მანამდე კი ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი იყო.
31 მარტს ექრემ იმამოღლუმ მცირე სხვაობით მოიგო არჩევნები, მაგრამ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევებსა და კორუფციას, რის გამოც ახალი კენჭისყრის ჩატარება მოითხოვა. უზენაესმა საარჩევნო საბჭომ არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა და განმეორებითი არჩევნები 23 ივნისს დანიშნა.
სტამბოლის მერობა პოლიტიკური კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია. სწორედ ამ თანამდებობას იკავებდა 1994-98 წლებში მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ „თუ გაიმარჯვებ სტამბოლში, გაიმარჯვებ თურქეთში“.
სტამბოლი, დაახლოებით 17 მილიონი მოსახლით, ქვეყნის ფინანსური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია.