Times-ის ცნობით, აბდულა ქარდაში სადამ ჰუსეინის არმიის ყოფილი წევრია. ალ-ბაღდადიმ ის 2003 წელს, დიქტატორის დატყვევების შემდეგ შეამჩნია. „ალ-ქაიდასთან“ კავშირის გამო ისინი ერთად აღმოჩნდნენ ციხეში და დაკავებულები იყვნენ ქალაქ ბასრაში, ბუკას ბანაკში. მიიჩნევა, რომ სწორედ აქ გახდა ასობით პატიმარი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიმდევარი და აქ ჩამოაყალიბა მან ხედვა ე.წ. ხალიფატის შესახებ. Times-ის ინფორმაციით, ქარდაში მასთან ერთად ამ დროიდან მოყოლებული მუშაობს.
გავრცელებული ცნობებით ალ-ბაღდადი 2017 წელს კოალიციის ავიაიერიშების შედეგად დაიჭრა და ქრონიკული დაავადებებით არის ავად. სპეცსამსახურებს მიაჩნიათ, რომ ამ დროისთვის ის ერაყში, ანბარის პროვინციაში იმალება.
ექსპერტების აზრით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აირჩევს მემკვიდრეს, რომელიც დაჯგუფების მატერიალურ-ტექნიკურ აღდგენაზე იზრუნებს, იმ დროს, როდესაც თავად ორგანიზაციის სულის განახლებაზე იქნება ფოკუსირებული.
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ე.წ. ხალიფატი 2014 წელს გამოაცხადა.
შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ და „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ექსტრემისტულ დაჯგუფებაზე სრული გამარჯვება 2019 წლის მარტში გამოაცხადეს. თუმცა, უსაფრთხოების ძალები მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციის დარჩენილი ნაწილები საკმარისად არიან ორგანიზებულები იმისთვის, რომ თავდასხმები განახორციელონ.