აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ 27 ოქტომბერს განაცხადა. ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი სირიის იდლიბის პროვინციაში მოკლეს. ტრამპის განცხადებით, ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა.
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი 1971 წელს დაიბადა ერაყის ქალაქ სამარაში. იგი ფლობდა სადოქტორო ხარისხს ისლამისმცოდნეობაში ბაღდადის უნივერსიტეტიდან და ერაყის ომის დაწყებამდე მშობლიურ ქალაქში მეჩეთის იმამად მსახურობდა. აჯანყებულებთან კავშირის ქონის ეჭვისა და კოალიციის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის აშშ-ის სამხედროებმა 2004 წელს დააპატიმრეს. რამდენიმე თვეში ის გაათავისუფლეს, თუმცა ჯიჰაიდისტებს შეუერთდა, ჯერ მცირე რაზმს ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ ერაყის ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
2011 წლის 4 ოქტომბერს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა ალ–ბაღდადი მსოფლიო მნიშვნელობის ტერორისტად გამოაცხადა.
ერაყის მეზობელ სირიაში მასობრივი გამოსვლების სამოქალაქო ომში გადაზრდის შემდეგ, აბუ ბაქრ ალ–ბაღდადიმ 2013 წლის 8 აპრილს გამოაცხადა ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოს ფორმირება. ახალი ორგანიზაციის სამოქმედო არეალი ერაყისა და სირიის ტერიტორიებს შეადგენდა. ერაყისა და შამის ისლამურმა სახელმწიფომ სახელი გაითქვა როგორც ერთ–ერთმა ყველაზე უფრო ულმობელმა დაჯგუფებამ. მისი წევრები ანადგურებდნენ სუფიათა სალოცავებს, ძველ არტეფაქტებს. 2014 წლის 29 ივნისს გამოცხადდა სახალიფოს აღდგენა. ალ-ბაღდადი გამოცხადდა ხალიფად, ხოლო ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფო - "ისლამურ სახელმწიფოდ".