weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მედია: გემი, რომლითაც ბეირუთში 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი მოხვდა, 2013 წელს ბათუმში იყო

19:15 ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2020

ლიბანში, ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, 4000-ზე მეტი კი დაშავდა. აფეთქების შედეგად დაინგრა სახლები და თითქმის მთლიანად განადგურდა პორტის ინფრასტრუქტურა. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა განაცხადა, აფეთქდა 2700 ტონა ამონიუმის ნიტრატი, რომელიც პორტის საწყობში 6 წლის განმავლობაში უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე ინახებოდა.

BBC-ის რუსული სამსახური ინტერნეტში არსებულ რესურსებზე დაყრდნობით წერს, რომ მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემი სახელწოდებით „Rhosus“, რომლითაც 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ბეირუთის პორტში მოხვდა, რუსეთის მოქალაქის საკუთრებაა. გემი ბათუმიდან მოზამბიკისკენ მიცურავდა, მაგრამ 2013 წელს, ბორტზე არსებული პრობლემების გამო ბეირუთის პორტში დაუდეგმავად შევიდა. მას შემდეგ, რაც ლიბანის ხელისუფლებამ გემი შეამოწმა, მას პორტის დატოვება აუკრძალა, ხოლო ეკიპაჟის დიდი ნაწილი, კაპიტანისა და სამი მეზღვაურის გარდა, გაუშვეს. მაშინ გემის მეპატრონესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

2014 წელს უკრაინულ ვებ-გვერდ odessitua.com-ზე გამოქვეყნდა „Rhosus“-ზე დარჩენილი მეზღვაურების წერილი, რომლითაც ისინი „ტყვეობიდან“ დახსნას ითხოვდნენ. კაპიტანი წერდა, რომ გემის ფაქტობრივი მფლობელი რუსეთის მოქალაქე იგორ გრეჩუშკინია, რომელიც წარმოშობით ხაბაროვსკიდანაა და იმ დროს კვიპროსზე ცხოვრობდა. მეზღვაურებმა ბეირუთის პორტში გაჩერებულ გემზე დაახლოებით ერთი წელი გაატარეს და უკრაინაში 2014 წელს დაბრუნდნენ.

გემის ადგილმდებარეობა ბოლოს 2014 წლის ნოემბერში დაფიქსირდა და ის იმ ადგილთან ახლოს იყო, სადაც გუშინ ძლიერი აფეთქება მოხდა.

ლიბანური ტელეკომპანიის LBCI-ის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც აფეთქების შემდეგ გაიმართა, განაცხადეს, რომ „Rhosus“-ი აფრიკისკენ მიდიოდა მაგრამ ბეირუთის პორტში შევიდა, რადგან ცურვის დროს დაზიანდა. საბჭოს სხდომაზე ასევე ითქვა, რომ 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის კომფისკაცია მოახდინეს, პორტში არსებულ საწყობში მოათავსეს და მისი უტილიზაცია იგეგმებოდა. ცოტა ხნის წინ ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ საწყობის სამხრეთის კედელზე ხვრელი იყო, რომლითაც მასში შეღწევა იყო შესაძლებელი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აფეთქება აღნიშნული ხვრელის ამოვსების მიზნით დაწყებული შედუღების შამუშაოების დროს მოხდა - ნაპერწკალმა ფეთქებადი ნივთიერებების აალება გამოიწვია, რასაც 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქება მოჰყვა.

ამონიუმის ნიტრატით სოფლის მეურნეობაში ნიადაგს ანოყიერებენ. გარდა ამისა, მას ასაფეთქებელი მასალის დამზადების დროს ერთ-ერთ კომპონენტადაც იყენებენ.

 

ამ თემაზე:

ბეირუთის პორტში აფეთქებასთან საქართველოს კავშირი არ აქვს – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]