weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი იქნება

11:29 კვირა, 08 ნოემბერი 2020

დემოკრატიული პარტიის კანდიდატი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი იქნება, ხოლო კამალა ჰარისი - პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდება აშშ-ის ისტორიაში.

ბაიდენმა და ჰარისმა ამერიკელ ხალხს დელავერის შტატიდან მიმართეს. არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ყველას პრეზიდენტი იქნება და შექმნის ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების ქვეყანას.

„მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც კი არ გაყოფს, არამედ გააერთიანებს. ქვეყანას ვმართავ როგორც ამერიკელი პრეზიდენტი და არა როგორც დემოკრატი“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ წარმოადგენს იმ ამერიკელების ინტერესებსაც, ვინც მას არ მისცეს ხმა.

„მესმის ყველას იმედგაცრუება, ვინც ხმა მისცა პრეზიდენტ ტრამპს. მე თვითონ რამდენჯერმე წამიგია, მაგრამ ახლა, მოდით ერთმანეთს მივცეთ შანსი. დროა გვერდზე გადავდოთ მკაცრი რიტორიკა, შევამციროთ ტემპერატურა, კვლავ დავინახოთ ერთმანეთი, ისევ მოვუსმინოთ ერთმანეთს“,– თქვა მან.

ბაიდენმა პირობა დადო, რომ იბრძოლებს „სისტემური რასიზმის“ წინააღმდეგ. მან კიდევ ერთ პრიორიტეტად კორონავირუსთან ბრძოლა დაასახელა და თქვა, რომ შექმნის ექსპერტების საბჭოს, რომელიც ინფექციასთან ბრძოლის გეგმას შეიმუშავებს.

ჯო ბაიდენის მიმართვამდე სიტყვით გამოვიდა კამალა ჰარისი. მისი თქმით, ამერიკელმა ხალხმა უკეთესი მომავალი აირჩია. მან ხაზი გაუსვა აფროამერიკელი, აზიელი და ლათინოამერიკელი ქალების როლს ამერიკული დემოკრატის განვითარებაში, აღნიშნა, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია, თუმცა არა უკანასკნელი. 

„მე ვიქნები ისეთი ვიცე-პრეზიდენტი, როგორიც ჯო იყო ობამასთვის“, – თქვა ჰარისმა.

ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის გამარჯვება უმსხვილესმა ამერიკულმა მედიასაშუალებებმა გამოაცხადეს. მათი ინფორმაციით, დემოკრატების კანდიდატმა პენსილვანიის შტატში ამომრჩეველთა კოლეგიის 20 ხმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაიდენს არჩევნებში გამარჯვებისთვის აუცილებელ ოდენობაზე - 270 ხმაზე მეტი ექნება. 

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის გამარჯვებას არ აღიარებს. როგორც მან თქვა, ეს არჩევნები ჯერ არ დასრულებულა და 9 ნოემბრიდან, ორშაბათიდან მისი შტაბი კენჭისყრის შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს. 

ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს უკვე მიულოცეს გამარჯვება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. მათ გამარჯვება მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც.

78 წლის ჯო ბაიდენი ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი იქნება აშშ-ის ისტორიაში. 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება. 

2008-2016 წლებში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, ჯო ბაიდნი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავდებდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]