weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთში კორონავირუსზე „სპუტნიკ V“-ით ვაქცინაცია დაიწყო

14:46 შაბათი, 05 დეკემბერი 2020
ფოტო © vitaly Nevar ფოტო © vitaly Nevar

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის წინააღმდეგ რუსეთში შემუშავებული ვაქცინით – „სპუტნიკ V“-ით მოსახლეობის მასშტაბური აცრა დაიწყო. მოსკოვში ვაქცინაცია დღეიდან, 5 დეკემბერიდან მიმდინარეობს, ხოლო რეგიონებში მომავალ კვირაში დაიწყება.

BBC-ის რუსული სამსახურის თანახმად, ამ ეტაპზე მოსკოვში ვაქცინას მიიღებენ სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე ქალაქის სოციალური სამსახურების თანამშრომლები, რომელთა ასაკი 18-დან 60 წლამდეა. ვაქცინას ვერ მიიღებენ ქალები ორსულობის და ძუძუთი კვების დროს, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ვაქცინაცია ორ ეტაპად ხორციელდება: ჯერ აკეთებენ ერთ ნემსს, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ მეორეს.

როგორც BBC წერს „სპუტნიკ V“-ით ვაქცინაციის ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ მასშტაბური აცრა ვაქცინის საბოლოო რეგისტრაციამდე დაიწყო, როდესაც გამოკვლევის მესამე ფაზა მიმდინარეობს და მისი მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის. BBC-სთან ინტერვიუში ერთ-ერთი ექსპერტი ამბობს, რომ ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, თუ რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა „სპუტნიკ V“. რამდენიმე თვის წინ დასავლეთის სამეცნიერო საზოგადოება რუსულ ვაქცინას აკრიტიკებდა და კლინიკური ცდების შედეგების შესახებ უფრო დეტალური მონაცემების გამოქვეყნებას ითხოვდა.

BBC აღნიშნავს, რომ გასულ კვირაში, დიდმა ბრიტანეთმა ცდის მესამე ფაზის დასრულებამდე უსაფრთხოდ ცნო კომპანია Pfizer-ის მიერ შემუშავებული ვაქცინა და დაარეგისტრირა ის. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოსახლეობის აცრას უახლოეს დღეებში დაიწყებს. ამავე დროს, მათ მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ მოდუნება არ ღირს და პანდემია არ დასრულებულა. Pfizer-მა ვაქცინის ეფექტურობის შესახებ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ვაქცინამ კორონავირუსის წინააღმდეგ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ 100-დან 95 ადამიანმა ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავა. თითქმის ასეთივე შედეგი აქვს Moderna-ს მიერ წარმოებულ ვაქცინას, კიდევ ერთი კომპანია - AstraZeneca კი აცხადებს, რომ მათ მიერ წარმოებული ვაქცინის ეფექტურობის საშუალო მაჩვენებელი 70.4%-ია.

გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა განაცხადა, რომ რუსული ვაქცინის ეფექტურობა 92%-ია, თუმცა რუს მეცნიერებს კვლევების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გამოუქვეყნებიათ.

დღეს რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსის 28 782 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია. რუსეთში კორონავირუსი სულ 2 431 731 ადამიანს აქვს დადასტურებული, აქედან 1 916 396 გამოჯანმრთელდა, ხოლო 42 684 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]