ტერორისტული თავდასხმა ბარსელონას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ხალხმრავალ ბულვარში გუშინ, შუადღეს მოხდა. სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
სამართალდამცავები მასშტაბურ ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებენ, რომლის მთავარი მიზანი იმ მიკროავტობუსის მძღოლის დაკავებაა, რომელიც ცენტრალურ ბულვარში ადამიანებს დაეჯახა. ამ დროისთვის პოლიციას ორი ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული.
ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ყველაფერი უნდა ვიღონოთ ტერორიზმის დასამარცხებლად, რათა ადამიანებს მიეცეთ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა“.
„გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას, ესპანელ ხალხს. ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს. იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები. მჯერა, რომ ცივილიზებული მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს გამოწვევას და მიაღწევს მშვიდობას“, - ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.