weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დონალდ ტრამპმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება შეცვალა

13:56 სამშაბათი, 22 აგვისტო 2017

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავღანეთში აშშ-ის ახალი სამოქმედო სტრატეგია წარადგინა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, თალიბებთან ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებაა. ტრამპის განცხადებით, ავღანეთიდან ამერიკული ჯარის ნაჩქარევად გაყვანა გააჩენს ვაკუუმს, რომელსაც ტერორისტები დაიკავებენ.

დონალდ ტრამპის განმარტებით, გამარჯვება ნიშნავს მტერზე იერიშის მიტანას, რადიკალური ტერორისტული დაჯგუფებების განადგურებას, თალიბების განეიტრალებას და ამერიკელების წინააღმდეგ მასშტაბური ტერორისტული თავდასხმების აღკვეთას.

ტრამპმა, რომელიც არჩევნებამდე ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის პოლიტიკას აკრიტიკებდა და ჯარის გაყვანას ითხოვდა, განაცხადა, რომ მისი პირველი რექაცია სამხედროების გაყვანის ბრძანების გაცემა იყო, მაგრამ გადაწყვიტა ყველაფერი ისე დატოვოს, როგორც არის და გამარჯვებისთვის ბრძოლა განაგრძოს, რათა ერაყში დაშვებული შეცდომები არ განმეორდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკა ავღანეთის მთავრობასთან მანამდე იმუშავებს სანამ შედეგს და პროგრესს ხედავს. ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ ავღანეთში დემოკრატიული საზოგადოების შექმნით აღარ დაკავდება, არამედ მისი მიზანი თალიბებთან და სხვა რადიკალურ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში მთავრობის მხარდაჭერაა.

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა პაკისტანიც ახსენა და აღნიშნა, რომ აშშ აღარ შეეგუება იმ ფაქტს, რომ პაკისტანი ექსტრემისტებს „უსაფრთხო სამოთხეს“ პირდება.

ტრამპის განცხადებას თალიბანის წარმომადგენელი ზაბიულა მუჯაჰიდი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს სტრატეგია ახალი არ არის. მან ამერიკელებს მოუწოდა, ომის გაგრძელების ნაცვლად ავღანეთიდან გასვლის სტრატეგიაზე იფიქრონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]