NATO უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთს, უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო მობილიზაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო მობილიზაცია უკრაინასა და მის გარშემო, შეწყვიტოს პროვოკაციები და განმუხტოს სიტუაცია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენერალურ მდივანთან უკრაინის საკითხი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განიხილა. მათი საუბრის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა „ტვიტერზე“ პოსტით რუსეთს მოუწოდა, უკრაინის საზღვრებთან შეწყვიტოს „სამხედროების საშიში თავმოყრა და აგრესია“.
უკრაინული მხარის განცხადებით, მიმდინარე წელს ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში 25 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო გასული წლის განმავლობაში – 50. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს მოუწოდა,დაჩქარდეს უკრაინის ალიანსში გაწევრიანება, რადგან ეს კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზაა.