weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმების შემდეგ ისრაელმა ჰამასის ობიექტები დაბომბა

12:17 სამშაბათი, 11 მაისი 2021
ფოტოზე - 10 მაისს, ღაზადან გასროლილი რაკეტა ©  REUTERS/Mohammed Salem ფოტოზე - 10 მაისს, ღაზადან გასროლილი რაკეტა © REUTERS/Mohammed Salem

ისრელის არმიამ ორშაბათ საღამოდან პალესტინური დაჯგუფების, ჰამასის სამხედრო ობიექტების მიმართულებით საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყო. ისრაელი აცხადებს, ეს არის ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმაზე პასუხი. გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქებების შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვია.

ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორიდან დაახლოებით 200 რაკეტა ისროლეს, რომელთაგან უმეტესობა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის - „რკინის გუმბათის“ მეშვეობით გაანადგურეს. ისრაელის ცნობით, მათ მიერ მოკლულია „ჰამასის“ 15 წევრი. არსებული ინფორმაციით, სარაკეტო ცეცხლის შედეგად, ისრაელის მხარეს დაზიანება მიიღო ექვსმა სამოქალაქო პირმა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ღაზას სეტორის ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად დაღუპულთა შორის შვიდი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია, მათგან სამი ბავშვია. ამასთან, დასაზუსტებელია, ისინი ისრაელის მხრიდან საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპნენ, თუ აფეთქებები ღაზადან გასროლიმა და მოკლე მანძილზე ჩამოვარდნილმა რაკეტებმა გამოიწვია.

ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ და ღაზას სექტორში არსებულმა უფრო მცირე დაჯგუფებამ „ისლამურმა ჯიჰადმა“ აიღეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასმა“ წითელი ხაზი გადაკვეთა, რასაც ისრაელი დიდი ძალით უპასუხებს. მან მოქალაქეებსაც მიმართა და თქვა, რომ მიმდინარე კონფლიქტი გარკვეული დრო გაგრძელდება.

„ჩვენ არ ვეძებთ ესკალაციას, მაგრამ ვინც ესკალაციას ირჩევს, იგრძნობს ჩვენი მხრის ძალას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

„ჰამასის“ ლიდერმა კი თქვა, რომ სარაკეტო თავდასხმა გაგრძელდება მანამ, ვიდრე ისრაელი არ შეწყვეტს ტერორიზმისა და აგრესიის ყველა სცენას იერუსალიმში და ალ-აკსას მეჩეთთან. 

ეს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მწვავე შეტაკებებია, რასაც წინ ერთი თვის განმავლობაში დაძაბული ვითარება უძღოდა. დაძაბულობა კი უკავშირდება აღმოსავლეთ იერუსალიმიდან, შეიხ-ჯარას რაიონიდან პალესტინელთა რამდენიმე ოჯახის შესაძლო გასახლებას. 10 მაისს, ისრაელის უზენაეს სასამართლოს უნდა განეხილა 70-ზე მეტი ადამიანის სააპელაციო საჩივარი, რომელიც რამდენიმე ოჯახის გასახლებაზე ებრაული ორგანიზაციის მოთხოვნას ეხება. ქალაქში არსებული დაძაბულობისა და არეულობების გამო, სასამართლო პროცესი გადაიდო.

გუშინვე, იერუსალიმში გაიმართა „იერუსალიმის დღესთან“ დაკავშირებით ათასობით ებრაელის მსვლელობა, რომელიც ყოველ წელს ეწყობა და ეძღვნება 1967 წელს, ექვსდღიანი ომის შემდეგ მთელ იერუსალიმზე, მათ შორის ძველ ქალაქსა და პალესტინელებით დასახლებულ უბნებზე, ისრაელის კონტროლის დამყარებას. როგორც წესი, ამ დღეს, მსვლელობის მონაწილეები მუსლიმებით დასახლებულ უბნებსაც გადიან, რასაც პალესტინელები პროვოკაციად აღიქვამენ. ამასთან, წლევანდელი მსვლელობა მუსლიმებისთვის წმინდა თვის - რამადანის ბოლო დღეებსაც დაემთხვა. შესაძლო ესკალაციების თავიდან აცილების მიზნით, მსვლელობის მარშრუტი შეიცვალა. თუმცა მანამდე, იერუსალიმის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მსვლელობის დროს მუსლიმები არ დაეშვა ტაძრის მთაზე, რომელიც წმინდა ადგილია ებრაელთათვისაც და მუსლიმებისთვისაც. იქ მდებარეობს ალ-აკსას მეჩეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია მუსლიმებისთვის. ორშაბათს, დილით, ასობით პალესტინელმა ისრაელის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს ქვები დაუშინეს, რასაც სამართალდამცავთა მხრიდან ცრემლსადენი გაზის გაშვება, ხმოვან-მანათობელი ყუმბარებისა და რეზინის ტყვიების სროლა მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

 

საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს: „მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]