„წარმოიდგინეთ რა უსაფრთხოდ ვიქნებოდით, პრეზიდენტი „კლდე“ (The Rock - დუეინ ჯონსონის მეტსახელი) რომ ყოფილიყო. არავითარი ვინ დიზელი! მხოლოდ „კლდე“, ანდა ლიამ ნისონი, მაგრამ ლიამ ნისონი ვერ გახდება პრეზიდენტი, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ აქ დაბადებული უნდა იყო პრეზიდენტი რომ გახდე. ასე რომ, ვინაა ამერიკელი ლიამ ნისონი?! რათქმაუნდა „კლდე““, - განაცხადა ტრამპის პოლიტიკის მწვავე კრიტიკოსმა მაიკლ მურმა.
აღსანიშნავია, რომ მაიკლ მურმა გასული წლის ნოემბერში ტელეარხ CNN-ის გადაცემა „State of the Union“-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და დისკუსიისას დემოკრატიული პარტიის შეცდომებს გაუსვა ხაზი. მისი აზრით, ისეთი ცნობადი სახეები, როგორებიც პოპულარული ტელეწამყვანი ოპრა უინფრი და ორგზის ოსკაროსანი მსახიობი ტომ ჰენკსი არიან, დემოკრატების მხრიდან ჰილარი კლინტონზე უკეთესი კანდიდატები იქნებოდნენ. იმავე გადაცემაში რეჟისორმა მაგალითისთვის მოიყვანა რესპუბლიკელების შემთხვევები, როდესაც ყოფილი მსახიობები - რონალდ რეიგანი და არნოლდ შვარცენეგერი, შესაბამისად ქვეყნის პრეზიდენტი და შტატის გუბერნატორი გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ მაიკლ მური დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებშიც იღებდა მონაწილეობას, არჩევნებამდე კი ტრამპისა და მისი პოლიტიკის საწინააღმდეგო ახალი დოკუმენტური ფილმი - Michael Moore in Trumpland გამოუშვა.
რაც შეეხება დუეინ ჯონსონს, ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავს რამდენჯერმე უთქვამს, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა პოლიტიკაში და დაეხმარებოდა საკუთარ ქვეყანას.