აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი მოწოდებულია ხელი შეუწყოს ყველა ადამიანის, მათ შორის, ლგბტქი+ პირების თავისუფლებას, ღირსებას და თანასწორობას.
„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დეპარტამენტი გადადგამს ნაბიჯებს აშშ-ის ლგბტქი+ მოქალაქეებისადმი, განურჩევლად მათი გენდერისა და სქესისა, სამართლიანი მოპყრობის უზრუნველსაყოფად აშშ-ის პასპორტების და საზღვარგარეთ დაბადების შესახებ საკონსულო აქტის გაცემის პროცედურების განახლებით.
დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა, რათა დაემატოს გენდერული აღნიშვნა არაბინარული, ინტერსექსუალი და გენდერულად არაკომფორმული ადამიანებისთვის, რომლებიც განაცხადს შეიტანენ პასპორტის ან საკონსულო აქტის ასაღებად“, – განაცხადა ბლინკენმა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაჩნდება მესამე გენდერის აღნიშვნა ამერიკულ პასპორტში. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ეს ტექნოლოგიურად რთულია და დროს მოითხოვს.
მესამე გენდერის აღნიშვნის მითითება რიგი სახელმწიფოების მიერ გაცემულ პასპორტებშია შესაძლებელი, მათ შორის, ავსტრალიაში, კანადაში, გერმანიაში, ინდოეთში, ნეპალსა და ახალ ზელანდიაში.