weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

რისი მიცემაც ავღანეთისთვის არ შეგვეძლო, მომავლისთვის ბრძოლის სურვილია – ბაიდენი

10:48 სამშაბათი, 17 აგვისტო 2021

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მტკიცედ რჩება გადაწყვეტიებაზე, რომელიც ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანას გულისხმობს. მისი თქმით, ამით დასრულდება 20-წლიანი სისხლისღვრა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, მიუხედავად რთული სიტუაციისა, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების დარჩენა არაფერს შეცვლის.

„20 წლის წინ ავღანეთში წავედით მკაფიო მიზნებით: დაგვეჭირა ისინი, ვინც თავს დაგვესხნენ 2021 წლის 11 სექტემბერს და დავრწმუნებულიყავით, რომ „ალ-ქაიდა“ ავღანეთს არ გამოიყენებდა ბაზად, საიდანაც კიდევ ერთხელ დაგვესხმებოდა თავს. ჩვენს ეს გავაკეთეთ. ჩვენ მნიშვნელოვნად დავასუსტეთ „ალ ქაიდა“ ავღანეთში. ჩვენ არასოდეს შეგვიწყვეტია ოსამა ბინ ლადენზე ნადირობა და დავიჭირეთ. ეს იყო ათი წლის წინ.

ჩვენი მისია ავღანეთში არ უნდა დასრულებულიყო ერის მშენებლობით. არასოდეს განიხილებოდა ერთიანი, ცენტრალიზებული დემოკრატიის შექმნა. ავღანეთში ჩვენი ერთადერთი საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესი დღესაც არის ის, რაც ყოველთვის იყო: ამერიკაზე ტერორისტული თავდასხმის პრევენცია“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ბაიდენის თქმით, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანისთვის კარგი დრო არასდროს ყოფილა და ამიტომაც არის, რომ ახლაც იქ არიან.

„ავღანეთის პოლიტიკური ლიდერები დანებდნენ და ქვეყნიდან გაიქცნენ. ავღანეთის შეიარაღებული ძალები ჩამოიშალა, მათ ზოგჯერ ბრძოლა არც უცდიათ. ყოველ შემთხვევაში, გასული კვირის მოვლენებმა დაამტკიცა, რომ ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ჩართულობის დასრულება ახლა სწორი გადაწყვეტილება იყო.

ამერიკელ ჯარისკაცებს არ შეუძლიათ და არ უნდა იბრძოლონ და მოკვდნენ იმ ომში, რომელში ბრძოლის სურვილიც ავღანურ ძალებს არ აქვთ. ჩვენ დავხარჯეთ ტრილიონ დოლარზე მეტი. დავატრენინგეთ და აღვჭურვეთ ავღანეთის შეიარაღებული ძალები, სადაც დაახლოებით 300 000 ძლიერი, დაუჯერებლად კარგად აღჭურვილი ჯარისკაცია, რომელიც უფრო დიდია ვიდრე ნატოს ბევრი მოკავშირის შეიარაღებული ძალები.

ჩვენ მათ მივეცით ყველა ხელსაწყო, რაც შეიძლებოდა დასჭირვებოდათ. ჩვენ მათ ვუხდიდით ხელფასებს, ვუზრუნველყოფდით საჰაერო ძალების შენარჩუნებას, რომელიც „თალიბანს“ არ ჰყავს.

ჩვენ მათ მივეცით ყველა შესაძლებლობა საკუთარი მომავლის განსაზღვრისთვის. ის, რისი მიცემაც არ შეგვეძლო, ამ მომავლისთვის ბრძოლის სურვილია.

ავღანეთს ძალიან ძლიერი და უნარიანი სპეციალური ქვედანაყოფები და ჯარისკაცებიც ჰყავს, მაგრამ თუ ქვეყანას არ აქვს უნარი თავად გაუწიოს წინააღმდეგობა „თალიბანს“, არც ერთი, არც 5 და არც 20 წლით იქ ამერიკის ყოფნა ვერ უშველის“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, შეცდომა იქნება, ამერიკელ ჯარისკაცებს უბრძანო, იბრძოლონ, როდესაც თავად ავღანეთის შეიარაღებული ძალები არ იბრძვის.

„თუ ავღანეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს გაერთიანება თავიანთი ხალხის კეთილდღეობისთვის, ვერ შეძლეს მოლაპარაკება თავისი ქვეყნის მომავლისთვის როდესაც ძალიან სერიოზული ვითარება შეიქმნა, ისინი ამას ვერასდროს გააკეთებდნენ იქ ამერიკის ჯარები ყოფნის დროს.

ჩვენი სტრატეგიული მეტოქეები – ჩინეთი და რუსეთი – მოხარული იქნებოდნენ, რომ აშშ-ს გაეგრძელებინა მილიარდობით დოლარის და ყურადღების ხარჯვა, განუსაზღვრელი ვადით, ავღანეთის სტაბილურობისთვის“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, არ გაიმეორებს წარსულში დაშვებულ შეცდომას, რაც გულისხმობს განუსაზღვრელი ვადით დარჩენას და ბრძოლას იმ კონფლიქტში, რომელი არ წარმოადგენს შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესს. ჯო ბაიდენის თქმით, აშშ გააგრძელებს ავღანელი ხალხის მხარდაჭერას, იხელმძღვანელებს დიპლომატიით და თავისი საერთაშორისო გავლენებით.

„რაც ახლა ხდება, ადვილად შეიძლებოდა მომხდარიყო 5 ან 15 წლის წინ. უნდა ვიყოთ გულწრფელები: ავღანეთში ჩვენმა მისიამ ბევრი შეცდომა დაუშვა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. მე მეოთხე პრეზიდენტი ვარ, რომელიც პასუხისმგებელია ავღანეთში ომზე და ამ პასუხისმგებლობას არ გადავცემ მეხუთე პრეზიდენტს.

მე არ შემიძლია და არ ვთხოვ ჩვენს ჯარებს, გაუთავებლად იბრძოლონ სხვა ქვეყნის სამოქალაქო ომში, დაშავდნენ, მიიღონ სიცოცხლისთვის მძიმე დაზიანებები, დატოვონ ოჯახები მწუხარებითა და დანაკარგით. ეს არ არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი. ეს არ არის ის, რაც ამერიკელ ხალხს უნდა. ეს არ არის ის, რასაც იმსახურებენ ჩვენი ჯარისკაცები, რომლებმაც ამდენი რამ გაიღეს ბოლო ორ ათწლეულში.

ჯო ბაიდენის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის დროს ამერიკელ ხალხს დაპირდა, რომ ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მონაწილეობას დაასრულებდა; ასევე დადო პირობა, რომ არ სთხოვდა მამაც ქალებსა და კაცებს, რომლებიც ამერიკელ ერს ემსახურებიან, გააგრძელონ საკუთარი სიცოცხლის გაწირვა სამხედრო ოპერაციაში, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო.

„ჩვენმა ლიდერებმა ეს გააკეთეს ვიეტნამში, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი. ავღანეთში ამას არ გავაკეთებ. ვიცი, ჩემს გადაწყვეტილებას გააკრიტიკებენ, მაგრამ მირჩევნია მივიღო ეს კრიტიკა, ვიდრე გადაწყვეტილება გადავცე ამერიკის შეერთებული შატატების კიდევ ერთ პრეზიდენტს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

15 აგვისტოს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულზე კონტროლი ისლამისტურმა მოძრაობა „თალიბანმა“ დაამყარა, რომელიც აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის ცნობილი. მანამდე ქვეყნიდან პრეზიდენტი გაიქცა. ამ ვითარებაში, აშშ-ის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთში 6000 ამერიკელი ჯარისკაცი გაგზავნოს იქიდან საკუთარი მოქალაქეების, ასევე მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებისა და ავღანელი მოკავშირეების ევაკუაციის მიზნით.

აშშ-ს გეგმავს ავღანეთიდან საკუთარი ჯარების გაყვანა მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე დაასრულოს. ავღანეთის სამშვიდობო მისიიდან ქართველი ჯარისკაცებიც ბრუნდებიან. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]