უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბართლომე პირველს შორის შეხვედრა წუხელ უკვე შედგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკიმ თქვა, რომ პირადად მისთვის და ქვეყნისთვის, დიდი პატივია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქი უკრაინის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის აღნიშვნას შეუერთდა. ოფიციალური ცნობებით, შეხვედრაზე განიხილეს დონბასში ვითარების მშვიდობიანად მოგვარების, ასევე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, კერძოდ, რელიგიის თავისუფლების დარღვევის საკითხები.
ბართლომე პირველი უკრაინაში მესამედ იმყოფება: მისი პირველი ვიზიტი 1997 წელს შედგა, მეორე კი - 2008 წელს. მესამე ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რომლის რუსეთის ეკლესიისგან დამოუკიდებლობა პატრიარქმა ბართლომემ 2019 წლის დასაწყისში სცნო.
ვიდრე ბართლომე პირველი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს გადაცემდა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან კავშირი გაწყვიტა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში არსებულმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ.
მოსკოვის საპატრიარქო კონსტანტინოპოლის პატრიარქის უკრაინაში ვიზიტით უკმაყოფილოა. როგორც მისმა წარმომადგენელმა, დეკანოზმა ნიკოლაი ბალაშოვმა განაცხადა, „კანონიკური თვალსაზრისით ვიზიტი არის პატრიარქ ბართლომეს წინა ხაზის გაგრძელება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - მოსკოვის საპატრიარქოში შემავალი თვითმმართველი ეკლესია - იგნორირებულია, თითქოს ის არ არსებობდეს“.