CNN-ის ცნობით, პაუელი სრულად ვაქცინირებული იყო, თუმცა მძიმე დაავადებებიც ჰქონდა, რაც ორგანიზმის იმუნურ პასუხს თრგუნავდა. უცნობია, გაკეთებული ჰქონდა თუ არა მას ვაქცინის დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზა.
კოლინ პაუელი სახელმწიფო დეპარტამენტს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს, 2001 წლიდან 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა. მის გარდაცვალებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს დიდი დანაკლისია მსოფლიო დიპლომატიისთვის.
„დიადი გონება, რომელმაც 21-ე საუკუნეში გლობალური მიმართულების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო. მისი ღვაწლი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისთვის, რომლებიც ცდილობენ, სამყარო გახადონ უფრო უსაფრთხო“, – დაწერა Twitter-ზე სალომე ზურაბიშვილმა.
პაუელი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე იყო, 1960-იან წლებში მონაწილეობდა ავღანეთის ომში, რა დროსაც ორჯერ დაიჭრა. მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო 2003 წლის გამოსვლა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც ის ერაყში აშშ-ისა და მოკავშირეების შესვლის აუცილებლობას ასაბუთებდა იმით, თითქოს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღს ამზადებდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო. კოლინ პაუელმა უშიშროების საბჭოში საკუთარ გამოსვლას „ლაქა“ უწოდა.
„ეს მტკივნეული იყო. მაშინაც და ახლაც“, – განაცხადა პაუელმა 2005 წელს.
2008 წელს კოლინ პაუელმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და მხარი აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, ბარაკ ობამას დაუჭირა. ის წამყვანი ამერიკელი პოლიტიკოსების მრჩეველი იყო სამხედრო საკითხებში.