weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ორგანიზაცია „მემორიალი“ აკრძალა 

12:34 ოთხშაბათი, 29 დეკემბერი 2021

რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის მოთხოვნა და უფლებადამცველი ორგანიზაცია მემორიალის საქმიანობა აკრძალა. 

გენერალური პროკურატურა აცხადებდა, რომ ორგანიზაცია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონს არღვევს და საბჭოთა კავშირის ცრუ იმიჯს ქმნის.

„აშკარაა, რომ „მემორიალი“, რომელიც 21-ე საუკუნის პოლიტიკური რეპრესიების თემაზე სპეკულირებს, ამახინჯებს დიდი სამამულო ომის ისტორიულ მეხსიერებას და ქმნის ცრუ იმიჯს სსრკ-ს, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს შესახებ, ათეთრებს და რეაბილიტაციას უკეთებს ნაცისტ დამნაშავეებს.

იმ ქვეყნით სიამაყის ნაცვლად, რომელმაც სამყარო გაათავისუფლა ფაშიზმისგან, რატომ გვთავაზობენ მოვინანიოთ, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ბნელი წარსული? იმიტომ, რომ ამისთვის ვიღაც იხდის. რაღაც მიზეზის გამო, ორგანიზაციას, რომელიც აცხადებს, რომ ერის სინდისია, რატომღაც არ სურს თითოეულ თავის პუბლიკაციაში შეგვახსენოს, ვისგან ფინანსდება ის“, – ამბობდა პროკურორი სასამართლო პროცესზე. 

„მემორიალი“ რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და გეგმვას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს. 

„რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა გზით და ვიპოვით ლეგიტიმურ გზებს მუშაობის გასაგრძელებლად. ჩვენს ქვეყანას სჭირდება საბჭოთა წარსულის პატიოსნად და კეთილსინდისიერად გააზრება. ამაშია მისი მომავლის გარანტია.

სასაცილოა იმის დაჯერება, რომ „მემორიალის“ სასამართლოს მიერ ლიკვიდაცია ამ საკითხს დღის წესრიგიდან მოხსნის. მთელ რუსულ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს წარსულის ტრაგედიები და არა მარტო რუსულს: სახელმწიფო ტერორის მეხსიერება ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას აერთიანებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

უზანაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ, 28 დეკემბერს გამოაცხადა. სასამართლოს დარბაზში ევროკავშირის 15 ქვეყნის დიპლომატები და ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ, სასამართლოს გარეთ კი ორგანიზაციის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. 

რუსული სასამართლოს გადაწყვეტილება ევროკავშირსა და აშშ-ში დაგმეს. საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „მემორიალი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკური რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ხსოვნის შენარჩუნებაში.

„საკუთარი წარსულის კრიტიკულად შეფასება აუცილებელია საზოგადოების ჯანსაღი განვითარებისა და წინსვლისთვის. საბოლოო ჯამში, თავისუფლებების ჩახშობა დაასუსტებს მათ, ვინც ამას აკეთებს“, – განაცხადა ბორელმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს დამოუკიდებელი ხმების და უფლებადამცველების დევნა. ამავე დროს, სახელმწიფო დეპარტამენტი სოლიდარობას უცხადებს მათ, ვინც რეპრესირებულ იქნა გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენების გამო.

„მემორიალი“ 1987 წელს დაარსდა. ორგანიზაცია საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა, გამოსცემდა წიგნებს რეპრესიების ისტორიაზე, აგროვებდა ინფორმაციას და ცდილობდა არქივებზე წვდომის მოპოვებას. პარალელურად ის ადამიანის უფლებებს იცავდა და რუს პოლიტპატიმრებს ეხმარებოდა.

2001 წელს „მემორიალმა“ დააფუძნა დამოუკიდებელი ინტერნეტგამოცემა „კავკაზსკიი უზელ“, რომელიც პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებზე წერს. რუსეთის ხელისუფლებას აღნიშნული მედია ორგანიზაციაც „უცხოელი აგენტების რეესტრში“ ჰყავს შეყვანილი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]