weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დასაქმებულების აცრის/ტესტირების სავალდებულოობა გააუქმა 

12:33 პარასკევი, 14 იანვარი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ, 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ, დაბლოკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დადგენილება, რომელიც საშუალო და მსხვილ კომპანიებს თანამშრომლების კორონავირუსზე ვაქცინაციას ან ყოველკვირეულად, საკუთარი ხარჯით, ტესტის გაკეთებას ავალდებულებდა. აღნიშნული რეგულაცია 80 მილიონზე მეტ დასაქმებულზე ვრცელდებოდა და ძალაში 10 იანვრიდან უნდა შესულიყო. 

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, დადგენილების გაუქმებას მხარი კონსერვატორმა მოსამართლეებმა დაუჭირეს. მოსამართლე სტივენ ბრეიერმა, ლიბერალი მოსამართლეების სახელით განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება ხელს უშლის ფედერალურ მთავრობას, გაუმკლავდეს უპრეცედენტო საფრთხეს, რომელსაც კორონავირუსი დასაქმებულებს უქმნის.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით (5 ხმით 4-ის წინააღმდეგ), ვაქცინაციის ვალდებულება მხოლოდ ჯანდაცვის დაწესებულებებს შეეხებათ, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ასეთია დაახლოებით 76 000 დაწესებულება და 10 მილიონზე მეტი ადამიანი. 

სასამართლომ განაცხადა, რომ შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაცია, რომელმაც ვაქცინაციის/ტესტირების სავალდებულოობის შესახებ რეგულაცია გამოსცა, მნიშვნელოვნად სცდებოდა თავის მარეგულირებელ უფლებამოსილებას კონგრესის მკაფიო ავტორიზაციის გარეშე. 

უზენაეს სასამართლოს ოჰაიოს შტატმა და დამოუკიდებელი ბიზნესის ეროვნულმა ფედერაციამ მიმართეს. ასოციაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ამერიკის მცირე ბიზნესისთვის, რომელიც ისევ ცდილობს მწყობრში ჩადგომას.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედგაცრუებული დარჩა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით და განაცხადა, რომ სასამართლომ საღი აზრის დაბლოკვა არჩია. 

„ეს საგანგებო ნორმა დამსაქმებლებს საშუალებას აძლევდა, მოეთხოვათ ვაქცინაცია ან დასაქმებულთათვის ნება მიეცათ, არ აცრილიყვნენ იმ პირობით, თუ ისინი კვირაში ერთხელ ტესტირებას გაივლიდნენ და სამუშაო ადგილზე ნიღაბს ატარებდნენ. ეს ძალიან მოკრძალებული ვალდებულებაა“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

ბაიდენის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ახლა შტატებმა და ცალკეულმა დამსაქმებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, მოსთხოვენ თუ არა თანამშრომლებს ვაქცინაციას და გახდიან თუ არა სამუშაო ადგილებს მაქსიმალურად უსაფრთხოს თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის პანდემიის დროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]