ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო განაგრძობს ყველა აუცილებელი ზომის მიღებას საკუთარი თავის და ყველა მოკავშირის დასაცავად.
„ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ უსაფრთხოების სიტუაციის ნებისმიერ გაუარესებას, მათ შორის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებით“, – თქვა სტოლტენბერგმა.
ნატოს ინფორმაციით, დანიამ ბალტიის ზღვაში სამხედრო გემი გაგზავნა და აპირებს, ლიეტუვაში ოთხი F-16 გამანადგურებელი გადაისროლოს. ალიანსის ძალების გასაძლიერებლად სამხედრო გემს გზავნის ესპანეთიც და განიხილავს ბულგარეთში მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნის საკითხსაც. საფრანგეთმა გამოთქვა მზაობა, რუმინეთში ჯარების გაგზავნის თაობაზე.
„ნიდერლანდები აპრილიდან ბულგარეთში გაგზავნის ორ F-35 საბრძოლო თვითმფრინავს რეგიონში ნატოს საჰაერო პატრულირების მხარდასაჭერად და მზადყოფნაში მოჰყავს გემი და სახმელეთო დანაყოფები. შეერთებულმა შტატებმაც ნათლად განაცხადა, რომ აპირებს თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“, – აცხადებს ნატო.
ალიანსის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და ერთ მოკავშირეზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად განიხილება. იქვე აღნიშნულია, რომ 2014 წლამდე, ვიდრე რუსეთი ყირიმის უკანონო ანექსიას არ მოახდენდა, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ნატოს ძალები წარმოდგენილნი არ ყოფილან.