weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პუტინმა განაცხადა, რომ პოროშენკოს რუსეთში თავშესაფარი შესთავაზა – რას პასუხობს პოროშენკო

11:43 სამშაბათი, 08 თებერვალი 2022

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს რუსეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას დაპირდა და ეს წინადადება კვლავ ძალაშია. ამის შესახებ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თავის დროზე, როდესაც ბატონი პოროშენკო ჯერ კიდევ უკრაინის პრეზიდენტი იყო, ვეუბნებოდი, რომ თუ მომავალში რაიმე პრობლემა გაუჩნდებოდა, რუსეთი მზად იყო მისთვის პოლიტიკური თავშესაფარი მიეცა“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ამ საკითხს პოროშენკო ირონიულად უყურებდა.

„მაგრამ დღეს მინდა დავადასტურო ჩემი წინადადება, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული უთანხმოება გვაქვს დონბასში დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ მან ამ მიმართულებით ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი დევნა როგორც სახელმწიფო დამნაშავისა, მოქმედი ხელისუფლების წარმატებაზე გადაჭარბებული განაცხადია. ჩვენ მზად ვართ, ისეთებს, როგორიც ბატონი პოროშენკოა, რუსეთში თავშესაფარი მივცეთ“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას პოროშენკო უკვე გამოეხმაურა. ის პუტინს ურჩევს, ბოლოს და ბოლოს გააცნობიეროს, რომ უკრაინაში თავად გაერკვევიან.

„უკრაინის პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე „ზრუნვის“ უძველესი რუსული პრაქტიკა დიდი ხანია შეწყდა. ეს მაშინ მოხდა, როცა უკრაინის პრეზიდენტად ამირჩიეს“, – განაცხადა პოროშენკომ.

გარდა ამისა, პეტრო პოროშენკომ მოქმედი პრეზიდენტი – ვოლოდიმირ ზელენსკი პროევროპული ოპოზიციის დევნაში დაადანაშაულა: „ზელენსკის, უპირველეს ყოვლისა, სურს პუტინისთვის საჩუქრის გაკეთება. დღეს ეს თავად პუტინმა დაადასტურა. ვურჩევ მას, შეწყვიტოს პუტინის გახარება და დაიცვას ქვეყანა“.

პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობას 2014-2019 წლებში იკავებდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლით გასულ წელს აღიძრა. პროკურატურის ვერსიით, პრეზიდენტობის პერიოდში, 2014-2015 წლებში, უკრაინისთვის განსაკუთრებით მკაცრი ზამთრის პირობებში, პოროშენკო მოითხოვდა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ნახშირის მიღებაზე ხელშეკრულება გაუქმებულიყო და ახალი კონტრაქტი თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებთან გაფორმებულიყო. პროკურატურის განცხადებით, ფული სეპარატისტების ლიდერებთან მიდიოდა და ამგვარად, პოროშენკო „ტერორისტული ორგანიზაციების“ დაფინანსებაში იღებდა მონაწილეობას. პეტრო პოროშენკო ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ შეთანხმების დეტალების შესახებ ინფორმირებული არ იყო. მისივე თქმით, მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ პოლიტიკურად იდევნება, რათა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. 

პოროშენკო კიევში 17 იანვარს დაბრუნდა. ამ დროისთვის მის საქმეზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]