weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთის დუმა პუტინს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარებას სთხოვს  

16:00 სამშაბათი, 15 თებერვალი 2022
ფოტოზე - დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ფოტოზე - დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს დადგენილებას, რომელიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნით ვლადიმერ პუტინისთვის მიმართვას გულისხმობს. 

დუმის დეპუტატები პუტინს სთხოვენ, განიხილოს რუსეთის ფედერაციის მიერ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარების საკითხი. მათ მიაჩნიათ, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელობასთან რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, „რათა შეიქმნას სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძველი“, რომელიც თანამშრომლობის ყველა ასპექტის დაარეგულირებს, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებსაც.

დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, დეპუტატები მიიჩნევენ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის ცნობა შექმნის რესპუბლიკების მცხოვრებთათვის უსაფრთხოების გარანტიებს და დაიცავს მათ გარე საფრთხეებისგან. ვოლოდინის თქმით, ეს სათავეს დაუდებს ორივე რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარებასაც. 

დუმის გადაწყვეტილებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. დმიტრო კულებას განცხადებით, ლუგანსკის და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებულობის აღიარება შეფასებული იქნება როგორც რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებიდან გასვლა.

უკრაინის აღმოსავლეთში (დონბასში) რუსეთის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შექმნის შესახებ 2014 წელს განაცხადეს. დონბასში 2014 წლის აპრილიდან დაწყებული აქტიური საომარი მოქმედებები 2015 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა. მხარეებმა ხელი მინსკის შეთანხმებას მოაწერეს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასაც ითვალისწინებდა. იმის მიუხედავად, რომ ეს და შეთანხმების სხვა პუნქტები არაერთხელ დაირღვა, მინსკის შეთანხმება შეიარაღებული კონფლიქტის გადაწყვეტის მთავარ დოკუმენტად მიიჩნევა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]