weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ზელენსკი ნატოში გაწევრიანებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს

12:03 პარასკევი, 18 თებერვალი 2022
ზელენსკი დონეცკის რეგიონში, სამხედროებთან შეხვედრისას,17 თებერვალი / პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო ზელენსკი დონეცკის რეგიონში, სამხედროებთან შეხვედრისას,17 თებერვალი / პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჭიროა მის ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიები ჰქონდეს, ვიდრე ნატოს წევრი გახდება.

ერთ-ერთ უახლეს ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია არსებობს და რუსეთის გარდა, არიან სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ უკრაინა ნატოში არ შევიდეს.

„არსებობს რუსეთის პოზიცია, რომელიც ამბობს: ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ უკრაინა ნატოში არ შევიდეს. ან არის ზოგიერთი სხვა ქვეყნის პოზიცია, რომელიც ამბობს: მოხარული ვართ, რომ ნატოში გიხილოთ, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ იქამდე არ მივიდეთ. ამიტომ, ჩვენ შემოვიფარგლებით მეგობრებით, ვინც, ზუსტად ვიცით, რომ მხარს გვიჭერენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიების მიღებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის ლიდერს ესაუბრებიან, განსაკუთრებით მათ, ვისაც მერყევი პოზიცია აქვს და მათ, ვინც რუსეთის ფედერაციას ეკონტაქტება. 

„ჩვენ ვამბობთ, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე ვართ. ნატო ფაქტობრივად ერთადერთია დღეს არსებული უსაფრთხოების ალიანსებიდან, რომელსაც უკრაინა შეიძლება შეუერთდეს. იქ ჩვენთვის ღია კარის პოზიციაა. მაგრამ ამ გზაზე დიდი დაშორებაა - წლები და თვეები, განსაკუთრებით თუ ესკალაცია იქნება. ამ გზის გავლისას ჩვენ უნდა მივიღოთ გარანტიების სისტემა. ის თეორიულად მაინც არ უნდა ჩამოუვარდეს იმ სისტემას, რომელსაც ნატოს ქვეყნებს სთავაზობენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების ჯარებს არ ითხოვენ.

„ჩვენ თავიდანვე ვაღიარებთ: არ გვჭირდება ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო პირები უცხო დროშებით. ამას არ ვითხოვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დესტაბილიზაცია მთელ მსოფლიოში იქნება. არ გვინდა რუსეთის ფედერაციას ზედმეტი მიზეზი მივცეთ იმის სათქმელად, რომ ბაზები გვაქვს და თავი უნდა „დაიცვან“. მაგრამ ჩვენ გვინდა ყველაფერი დანარჩენი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, საჭიროა გლობალური დოკუმენტი, რომელსაც აშშ და რუსეთიც მოაწერენ ხელს და სადაც უკრაინის უსაფრთხოების შესახებ რამდენიმე პუნქტი იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]