weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა ოლქების საზღვრებში აღიარა

10:49 ოთხშაბათი, 23 თებერვალი 2022

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განმარტა, რომ მოსკოვმა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრებში აღიარა. 

„რაც შეეხება საზღვრებს, რომელ საზღვრებში ვცნობთ ამ რესპუბლიკებს. ჩვენ ხომ ისინი ვაღიარეთ, ეს კი ნიშნავს, რომ ვაღიარეთ ყველა მათი ფუნდამენტური დოკუმენტი, მათ შორის, კონსტიტუციები. იქ განსაზღვრულია დონეცკის და ლუგანსკის ოლქების საზღვრები იმ დროისთვის, როდესაც ისინი უკრაინის შემადგენლობაში იყვნენ.

მაგრამ ჩვენ ველით და მინდა ხაზი გავუსვა ამას, რომ ყველა საკამათო საკითხი გადაწყდება კიევის ამჟამინდელ ხელისუფლებასა და ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებების დროს. სამწუხაროდ, ჩვენ გვესმის, რომ მოცემულ მომენტში ეს შეუძლებელია, რამდენადაც იქ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და უფრო მეტიც, მათ აქვთ გამწვავების ტენდენცია“, – განაცხადა პუტინმა ჟურნალისტებთან.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებთან გაფორმებული შეთანხმებები ითვალისწინებს პუნქტებს, რომელთა მიხედვითაც რუსეთი მათ გაუწევს დახმარებას, მათ შორის, სამხედრო დახმარებასაც. 

„ვინაიდან იქ კონფლიქტია, ამ გადაწყვეტილებით ცხადვყოფთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ვაპირებთ ჩვენი ვალდებულებების შესრულებას“, – აღნიშნა პუტინმა.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. რესპუბლიკების კანონმდებლობაში გაწერილია, რომ მათი საზღვრები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრებს ემთხვევა, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერები, სინამდვილეში, ამ ტერიტორიის მხოლოდ მესამედს აკონტროლებენ. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლირებად და არაკონტროლირებად ტერიტორიებს შორის ე.წ. შეხების ხაზია. 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა. ეს გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა მისი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფად და მინსკის შეთანხმების დარღვევად შეაფასა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების ერთგული რჩება. 

22 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭომ პუტინს ნება დართო, შეიარაღებული ძალები რუსეთის საზღვრებს გარეთაც გამოიყენოს, ხოლო ზელენსკიმ რეზერვისტების გაწვევის განკარგულება გასცა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების აუცილებლობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]