„გასულ კვირაში დავთანხმდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას, რათა გვემსჯელა ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნების შეშფოთებაზე, მაგრამ იმ პირობით, თუ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში. ახლა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ შეჭრა იწყება და რუსეთმა ნათლად თქვა უარი დიპლომატიაზე, ამ დროისთვის, აზრს მოკლებულია შეხვედრა“, – განაცხადა ბლინკენმა და აღნიშნა, რომ მის ამ გადაწყვეტილებას პარტნიორებიც ეთანხმებიან.
ენტონი ბლინკენი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომელიც მან ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესბუბლეკების აღიარებასთან დაკავშირებით გააკეთა. ბლინკენის შეფასებით, პუტინმა მსოფლიოს ნათლად დაანახა, როგორ უყურებს უკრაინას.
„ის უკრაინას უყურებს არა როგორც სუვერენულ ერს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის უფლებით, არამედ როგორც რუსეთის ქმნილებას და, შესაბამისად, რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფს. ეს არის სრულიად მცდარი მტკიცება, რომელიც უგულებელყოფს ისტორიას, საერთაშორისო სამართალს და ათობით მილიონ პატრიოტ უკრაინელს, რომლებიც თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინის ამაყი მოქალაქეები არიან.
ახლა, პირდაპირ პუტინისგან გავიგეთ, მან დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით: რომ 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან გაგზავნა არა სამხედრო წვრთნებისთვის, ან უკრაინის მხრიდან აგრესიის მუქარაზე საპასუხოდ, ან გაყალბებული გენოციდის შესაჩერებლად, ან სხვა ხელოვნური მიზეზის გამო. მისი გეგმა ყოველთვის იყო უკრაინაში შეჭრა, უკრაინის და მისი ხალხის გაკონტროლება, განადგურება უკრაინის დემოკრატიისა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება იმ ავტოკრატიისგან, რომელსაც ის ხელმძღვანელობს და უკრაინის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება.
ამიტომაც ეს არის ევროპაში უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინა საფრთხეშია. პრეზიდენტი პუტინი აშკარად და ულმობელად არღვევს კანონებსა და პრინციპებს, რომლებიც ევროპასა და მსფლიოში ათწლეულების განმავლობაში მშვიდობას უზრუნველყოფდნენ.
რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინის განცხადებას ნატოსა და ღია კარის შესახებ, ძალიან ნათელია, რომ არასდროს ყოფილა საუბარი ნატოსა და უკრაინის შესახებ.
რაც პრეზიდენტმა პუტინმა ნათლად წარმოაჩინა არის ის, რომ საუბარია უკრაინის რუსეთისადმი სრულ დაქვემდებარებაზე, რუსეთის იმპერიის აღდგენაზე ან, გავლენის სფეროების გარდა, რუსეთის გარშემო ქვეყნების სრული ნეიტრალიტეტზე.
შესაბამისად, უკრაინისა და ნატოს საკითხი იყო არგუმენტი - საბაბი - იმის დასაფარად, რომ პრეზიდენტ პუტინის მიაჩნია, რომ უკრაინა არ არის სუვერენული ქვეყანა, რომ არ აქვს არსებობის და დამოუკიდებლობის უფლება, თუ ის გარკვეულწილად არ არის დაკავშირებული რუსეთთან. ამ წინადადებას არა მხოლოდ ჩვენ უარვყოფთ მტკიცედ, არამედ ფაქტიურად ყველა უკრაინელი“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა. 22 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭომ პუტინს ნება დართო, შეიარაღებული ძალები რუსეთის საზღვრებს გარეთაც გამოიყენოს.
როგორც ვლადიმერ პუტინმა განმარტა, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებთან გაფორმებული შეთანხმებები ითვალისწინებს პუნქტებს, რომელთა მიხედვითაც რუსეთი დახმარებას აღმოუჩენს, მათ შორის, სამხედრო დახმარებასაც.
„ვინაიდან იქ კონფლიქტია, ამ გადაწყვეტილებით ცხადვყოფთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ვაპირებთ ჩვენი ვალდებულებების შესრულებას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.