რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში მცხოვრები რუსების მიმართ გენოციდი ხორციელდება ან გენოციდი ემუქრებათ.
„გენოციდი არის დანაშაული, რომელსაც მკაფიოდ არის განსაზღვრული და რომლის [ტერმინის] გამოყენება უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მგონია, რომ ახლა ამას არ აქვს ადგილი“, – განაცხადა გუტერეშმა.
მისივე თქმით, გაერო მშვიდობისმყოფელებად არ ჩათვლის რუს სამხედროებს, თუ ისინი დონეცკსა და ლუგანსკში შევლენ.
„მე შეშფოთებული ვარ სამშვიდობო მისიის კონცეფციის დამახინჯებით. ვამაყობ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების მიღწევებით, რომელშიც ამდენმა ცისფერჩაფხუტიანმა გაიღო სიცოცხლე მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
როდესაც ერთი ქვეყნის ჯარები შედიან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე მისი თანხმობის გარეშე, ისინი არ არიან მიუკერძოებელი სამშვიდობოები. ისინი საერთოდ არ არიან სამშვიდობოები“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა, ხოლო 22 თებერვალს ფედერაციის საბჭომ პუტინს ნება დართო, შეიარაღებული ძალები რუსეთის საზღვრებს გარეთაც გამოიყენოს.
როგორც პუტინმა განმარტა, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებთან გაფორმებული შეთანხმებები ითვალისწინებს პუნქტებს, რომელთა საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი მათ სამხედრო დახმარებასაც აღმოუჩენს.
ამასთან, ფედერაციის საბჭოს სპიკერმა, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ მათი გადაწყვეტილება დონბასში მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად: „შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობის მიცემისას, გამოვდივართ იქიდან, რომ ეს იქნებიან სამშვიდობო ძალები, რომლებიც მიმართული იქნებიან დონბასისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მიწაზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე“.