„ეს რომ არ დავუშვათ და შევაჩეროთ ესკალაცია, საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, მაგრამ რუსეთის ჩვენთან არასდროს დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ წინასწარ არ შევათანხმებთ საკითხებს. რუსეთმა ისინი გაწერა ნატოსთვისაც, ამერიკისთვისაც და უკრაინისთვისაც. ხუთი თუ ექვსი საკითხია, საიდანაც ორი-სამია უკრაინისთვის: პირველი არის უკრაინის დემილიტარიზაცია, უკრაინის ნატოში შესვლის არ დაშვება და დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების შეწყვეტა. შეიძლება სხვა საკითხებიც გამოჩნდეს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მან რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებების გამართვა მინსკში შესთავაზა და თქვა:
„ჩვენ სლავები ვართ, სამი სლავური ხალხი. დავჯდეთ და გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი სამუდამოდ. რა არის ამის საფუძველი? მე რომ ზელენსკი ვიყო, ამას ჩავეჭიდებოდი. პუტინმა თქვა, და ყოჩაღ, ამის გამო შევაქე, „ჩვენ არ ვართ ოკუპანტები, ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინის ოკუპაციას“. კიდევ რა არის საჭირო? ეს არის მოლაპარაკებების საფუძველი.
ის ნამდვილად არ აპირებს ოკუპაციას. რატომ, ვის სჭირდება ეს თავის ტკივილი. არავინ აპირებს იქ საკუთარი ძალების და მთავრობების განთავსებას. ეს ხომ არის მოლაპარაკების საფუძველი. ამის საფუძველზე შევიმუშავოთ დღის წესრიგი და გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, თუ უკრაინაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყება, ეს იქნება სრულმასშტაბიანო ომი, რისი დაშვებაც არ შეიძლება.
დღეს, 24 თებერვალს, გამთენიისას, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრნენ.
უკრაინაზე შეტევა ადგილობრივი დროით 05:00 საათზე (თბილისის დროით დილის 7 საათი) დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მათი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთში, განხორციელდა სარაკეტო შეტევები აეროდრომებზე, და უკრაინის შეიარაღებლი ძალების სამხედრო ობიექტებზე.
როგორც სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რუსეთის ძალებმა უკრაინის საზღვრებს ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდანაც შეუტიეს. უწყების თანახმად, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და ჟიტომირის ოლქებში სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო რაზმებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები არტილერიის, მძიმე ტექნიკის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიმდინარეობს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინს უკრაინის განადგურება სურს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ღირსეულ წინააღმდეგობას წევენ.
უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყანამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.