weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეს იქნება დარტყმა პუტინის გრძელვადიან სტრატეგიულ ამბიციებზე – ბაიდენი სანქციებზე

00:43 პარასკევი, 25 თებერვალი 2022

„პუტინი არის აგრესორი. პუტინმა აირჩია ეს ომი და ახლა, მას და მის ქვეყანას მოუწევთ შედეგების ატანა. დღეს მე თანხმობას ვაძლევ დამატებით ძლიერი სანქციების და რუსეთში ექსპორტზე ახალი შეზღუდვების დაწესებას. ეს მძმედ დაუჯდება რუსეთის ეკონომიკას, როგორც დაუყოვნებლივ, ისე დროთა განმავლობაში“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, ესაუბრა დიდი შვიდეულის ლიდერებს და ყველა ერთ აზრზე არიან:

„ჩვენ რუსეთს შევუზღუდავთ შესაძლებლობას აკეთოს ბიზნესი დოლარებში, ევროებში, ფუნტებში და იენში და იყოს გლობალური ეკონომიკის ნაწილი“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ სანქციებს დაუწესებს რუსეთის კიდევ ოთხ უმსხვილეს ბანკს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი აქტივები ამერიკაში გაიყინება. ეს ეხება სიდიდით მეორე რუსულ ბანკს VTB-ის, რომელიც 250 მილიარდი დოლარის აქტივებს ფლობს.

გარდა ამისა, აშშ და დასავლელი მოკავშირეები დააწესებენ ახალ კონტროლს ექსპორტზე, რაც, ბაიდენის თქმით, დაბლოკავს რუსეთის მაღალი ტექნოლოგიების იმპორტის ნახევარზე მეტს და დარტყმას მიაყენებს მოსკოვის სამხედრო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.

„ჩვენ დარტყმას მივაყენებთ მათ უნარს განაგრძონ სამხედრო ძალების მოდერნიზაცია. ეს დააქვეითებს მათ საჰაერო კოსმოსურ ინდუსტრიას, მათ შორის, მათ კოსმოსურ პროგრამას. ეს დააზარალებს მათ შესაძლებლობას, ააშენონ ხომალდები, შეამცირებს მათ ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას და ეს იქნება მთავარი დარტყმა პუტინის გრძელვადიან სტრატეგიულ ამბიციებზე“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ სანქციების მოქმედებას უფრო დიდი ძალა ექნება, ვიდრე რუსეთის გათიშვას საერთაშორისო ბანკთაშორისი ინფორმაციის მიმოცვლისა და გადარიცხვების სისტემა SWIFT-დან, რასაც პარტნიორები უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე განიხილავდნენ.

„SWIFT ყოველთვის ვარიანტია, მაგრამ ახლა ეს არ არის ის პოზიცია, რომელიც დანარჩენ ევროპას სურს დაიკავოს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეერთებულმა შტატებმა სანქციები არ დაუწესა პერსონალურად პუტინს, თუმცა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ სანქციები შეეხება რუსული ელიტის წარმომადგენლებს და ადრე სანქცირებულთა ოჯახის წევრებსაც.

ბაიდენმა გაიმეორა, რომ აშშ არ ჩაერთვება რუსეთის წინააღმდეგ ომში, მაგრამ ევროპაში დამატებით ძალებს განათავსებს ნატოს წევრი ქვეყნების დასაცავად. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 25 თებერვალს ალიანსის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები სამიტზე შეიკრიბებიან. ბაიდენის თქმით, რუსეთის აგრესია არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]