weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო მეთაური გულმუროდ ხალიმოვი სავარაუდოდ მოკლეს

19:18 პარასკევი, 08 სექტემბერი 2017

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დეირ ელ-ზორში ტაჯიკეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო მეთაური გულმუროდ ხალიმოვი მოკლეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ხალიმოვი სირიაში, ერთ-ერთ მიწისქვეშა პუნქტზე ბეტონის დამანგრეველი ბომბებით განხორციელებული საჰაერო შეტევის შედეგად დაიღუპა. სამინისტროს განცხადებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მიწისქვეშა პუნქტში საველე მეთაურები თათბირის ჩასატარებლად უნდა შეკრებილიყვნენ.

"მიღებული ინფორმაციის დადასტურების შემდეგ ორმა თვითმფრინავმა "სუ-35"-მა და "სუ-34"-მა დარტყმები განახორციელეს. იერიშის შედეგად დაიღუპა 40 ბოევიკი, მათ შორის ოთხი მთავარი მეთაური. ცნობილია, რომ თათბირზე იმყოფებოდა "ომის მინისტრი" გულმუროდ ხალიმოვი, რომელიც სასიკვდილო ჭრილობით დაიღუპა. დაღუპულებს შორის არის დეირ ელ-ზორის ამირა, აბუ მუჰამად ალ-შიმალი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ფინანსებსა და "ისლამური სახელმწიფოს" ახალი წევრების საწვრთნელ ბაზებზე გადაყვანაზე", - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

"ბი ბი სის" ცნობით, გულმუროდ ხალიმოვისა და სხვა ტერორისტების დაღუპვის თაობაზე ინფორმაცია ალტერნატიულ წყაროებს ამ დროისთვის არ დაუდასტურებიათ.

  • ვინ არის გულმუროდ ხალიმოვი

ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის მეთაური, პოლკოვნიკი გულმუროდ ხალიმოვი ქვეყნიდან 2015 წლის აპრილში გაუჩინარდა. მაისში ინტერნეტში მისი ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომელიც სირიაში იყო ჩაწერილი. ხალიმოვმა ტაჯიკეთის ხელისუფლება მუსლიმების დევნაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს ჩირქი მოსცხოს მართლმორწმუნე მუსულმანებს და დევნის მათ. ხალიმოვმა ტაჯიკეთს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებსა და ტაჯიკელ ემიგრანტებს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

გულმუროდ ხალიმოვი ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო მეთაურად 2016 წლის სექტემბერში აირჩიეს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვით ადრე წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი, რომელსაც "ომის მინისტრად" მოიხსენიებდნენ, აშშ-ის საჰაერო დარტყმების დროს დაიღუპა.

ხალიმოვი ტაჯიკეთში სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული და მასზე ძებნაა გამოცხადებული. ის ასევე შეყვანილია აშშ-ის სანქციების სიაში. ხალიმოვის ადგილსამყოფელის დასადგენად ნებისმიერი ინფორმაციის სანაცვლოდ შეერთებულ შტატებს 3 მილიონი დოლარი აქვს დაწესებული.

41 წლის გულმუროდ ხალიმოვი პროფესიონალი სნაიპერია, რომელმაც სამხედრო მომზადება სპეცდანიშნულების რაზმის შემადგენლობაში აშშ-სა და რუსეთში გაიარა. მსახურობდა ტაჯიკეთის საპრეზიდენტო გვარდიაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]