weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

პუტინს რუსეთის იმპერიის აშენება და ევროპის საკუთარი იდების მიხედვით შეცვლა სურს – კანცლერი

18:45 კვირა, 27 თებერვალი 2022

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, რომ 2022 წლის 24 თებერვალი - დღე, როდესაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, გარდამტეხი წერტილია ევროპის ისტორიაში და მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც უწინ იყო. მისი თქმით, რუს ხალხს ომი არ აურჩევია და ამიტომ ეს ომი პუტინის ომად დარჩება.

„უკრაინაზე თავდასხმით რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ცივსისხლიანად წამოიწყო აგრესიული ომი - მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: უკრაინელების თავისუფლება საკუთარი მჩაგვრელი რეჟიმისთვის გამოწვევაა. ეს არაადამიანურია. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ამას ვერავინ და ვერაფერი გაამართლებს.

ვაღიაროთ, რომ პუტინი კურსს ერთ ღამეში არ შეცვლის, მაგრამ ძალიან მალე რუსეთის ხელისუფლება იგრძნობს იმ მაღალ ფასს, რომელსაც იხდის. მხოლოდ გასულ კვირაში ფასები რუსეთის საფონდო ბირჟაზე 30 პროცენტზე მეტით დაეცა. ეს აჩვენებს, რომ ჩვენი სანქციები მუშაობს. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შემდგომი სანქციების დაწესებაზე.

პუტინმა აირჩია ომი და არა რუსმა ხალხმა. ამიტომ მკაფიოდ უნდა ითქვას: ეს ომი პუტინის ომია. ჩემთვის მნიშვნელოვანია დიფერენციაცია. იმიტომ, რომ გერმანელებისა და რუსების შერიგება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არის და რჩება ჩვენი საერთო ისტორიის მნიშვნელოვან თავად.

ყველას, ვინც კითხულობს პუტინის ისტორიულ ტრაქტატებს, ვინც ნახა უკრაინის ომის საჯარო გამოცხადება ტელევიზიით, ან ვინც ჩემსავით საათობით ესაუბრებოდა პირადად, ეჭვი აღარ ეპარება: პუტინს რუსეთის იმპერიის აშენება სურს. მას სურს ძირეულად შეცვალოს ევროპაში ვითარება საკუთარი იდეების მიხედვით და არ ერიდება სამხედრო ძალას. ამას დღეს უკრაინაში ვხედავთ.“, – განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, გერმანია თავდაცვის დაფინანსებას გაზრდის. კერძოდ, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური ფონდი მიიღებს 100 მილიარდ ევროს, რომელიც შეიარაღების სფეროში ინვესტიციებსა და პროექტებს მოხმარდება.

„ამიერიდან ჩვენ ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტზე მეტის ინვესტიციას ჩავდებთ თავდაცვაში. ამას ვაკეთებთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის. კვლავ დავრჩებით ტექნოლოგიურად განვითარებულები. ამიტომ ჩემთვის ასე მნიშვნელოვანია, მაგალითად ის, რომ ჩვენ შევქმნათ ახალი თაობის საბრძოლო თვითმფრინავები და ტანკები ევროპელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით საფრანგეთთან ერთად აქ, ევროპაში. ეს პროექტები ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, – განაცხადა შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანია უარს არ ამბობს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე და „არ დაისვენებს“ მანამ, სანამ ევროპაში მშვიდობა არ დამყარდება.

„რეალური დიალოგი ორივე მხარის ნებას მოითხოვს. პუტინს ეს აშკარად აკლია და არა მხოლოდ ბოლო დღეებსა და კვირებში“, – აღნიშნა შოლცმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]