24 თებერვალს, ომის პირველ დღეს, რუსეთის ძალებმა შავ ზღვაში არსებულ უკრაინის კუნძულ ზმეინიზე კონტროლი დაამყარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, თუ როგორ მოუწოდებდნენ რუსები უკრაინელებს დანებებას, რაზეც უარი და უცენზურო ფრაზა (რუსულად - Русский военный корабль, иди *****!) მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა, რომ კუნძულზე მყოფი ყველა სამხედრო ოკუპანტებმა მოკლეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ „კუნძულ ზმეინის მიდამოებში 82-მა უკრაინელმა სამხედრომ იარაღი დაყარა და ნებაყოფლობით ჩაბარდა“. რუსულ მხარეს უკრაინელების დაღუპვის შესახებ არაფერი უთქვამს.
დღეს გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის სამეხედრო-საზღავაო ძალები განმარტავს, რომ კუნძულთან კავშირი დაკარგეს, ის გამოც ფიქრობდნენ, რომ ყველა, ვინც იქ იყო, დაიღუპა.
„ოკუპანტებმა მთლიანად გაანადგურეს კუნძულის ინფრასტრუქტურა: შუქურები, კოშკები, ანტენები და ა.შ. შესაბამისად, ზმეინისთან კომუნიკაცია შეწყდა. თანამშრომლებთან დაკავშირების და მათი ბედის გარკვევის განმეორებითი მცდელობები უშედეგო იყო. რუსეთის ფედერაციის საბრძოლო ხომალდებისა და თვითმფრინავების მხრიდან მუდმივი დაბომბვა საზღვაო ქვეითებს დახმარების გაწევის საშუალებას არ აძლევდა“, – აცხადებს უწყება.
სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, 26 თებერვალს უკრაინული სამოქალაქო გემი კუნძულისკენ გაემართა, თუმცა ისიც რუსულმა ჯარებმა დაატყვევეს.
„უკანონო ჩამორთმევა სამოქალაქო არასაბრძოლო გემისა, რომელსაც სამხედრო დავალება არ შეუსრულებია, ომის წესების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა. მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან უკრაინის უკანონოდ დატყვევებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – ნათქვამია სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებაში.