როგორც პესკოვი ამბობს, რუსეთი ითხოვს, რომ უკრაინამ სამხედრო მოქმედებები შეწყვიტოს, ნეიტრალური სტატუსი აირჩიოს, ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს და დონეცსკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნოს.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პესკოვმა სატელეფონო ინტერვიუს დროს თქვა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთს ახალი მოთხოვნები არ ექნება, ზემოთ ჩამოთვლილი პირობების შესახებ კი უკრაინული მხარე ინფორმირებულია.
„ჩვენ ნამდვილად ვასრულებს უკრაინის დემილიტარიზაციას. ჩვენ მას დავასრულებთ, მაგრამ ყველზე მთავარია ის, რომ უკრაინამ დაამთავროს თავისი სამხედრო მოქმედება. ისინი უნდა გაჩერდნენ და მერე, არავინ ისვრის“, – განაცხადა პუტინის პრეს-მდივანმა.
უკრაინის ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით, პესკოვმა განაცხადა, რომ კონსტიტუციაში უნდა შეიტანონ შესწორება, რომლის მიხედვითაც, უკრაინა უარს იტყვის ნებისმიერ ბლოკში გაწევრიანების მიზნებზე.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა აღიარონ, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა და რომ უნდა აღიარონ, რომ დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. სულ ეს არის“, – განაცხადა პესკოვმა და დაამატა, რომ ამის შემდეგ ე.წ. სამხედრო ოპერაცია მაშინვე შეწყდება.
დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ „უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა და ისე იცხოვრებს როგორც უნდა, მაგრამ ნეიტრალიტეტის პირობებში“.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მე-12 დღეა იბომბება უკრაინის ქალაქები, მათ შორის ხარკოვი, რომელიც სიდიდით მეორეა ქვეყანაში. ომის დაწყების შემდეგ მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა.