გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, აფეთქების ეპიცენტრი სამშობიარო და პედიატრიულ განყოფილებებს შორის იყო. გავრცელებულ ფოტოზე ჩანს უზარმაზარი ორმო, რომელიც ბომბის აფეთქების შედეგად წარმოიშვა. მაშველებმა და მოხალისეებმა დანგრეული შენობებიდან ორსული ქალები საკაცეებით გამოიყვანეს. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც მომხდარს მხეცობა უწოდა, კვლავ მოუწოდა NATO-ს, რომ უკრაინის ცა დახუროს.
„პირდაპირი დარტყმა სამშობიაროზე. ხალხი, ბავშვები ნანგრევების ქვეშ არიან. კიდევ რამდენი ხანი იქნება მსოფლიო ტერორის იგნორირების თანამონაწილე? დახურეთ ცა ახლავე! შეაჩერეთ მკვლელობები! თქვენ გაქვთ ძალაუფლება, მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანობას კარგავთ“, – დაწერა Twitter-ზე ზელენსკიმ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში საავადმყოფოს დაბომბვაზე კომენტარი არ გაკეთებულა. ომის დაწყების შემდეგ უწყება იმეორებს, რომ რუსი სამხედროები საცხოვრებელ შენობებსა და სამოქალაქო ობიექტებს არ ესვრიან.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 28 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, 1424 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, რომელთაგან 516 გარდაიცვალა. გაეროს თანახმად, მოკლულთაგან 98 კაცი, 60 ქალი და 13 ბავშვია. 321 გარდაცვლილის სქესი დაუდგენელია. ძირითადად, ისინი საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლნენ.