weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

არესტოვიჩი: რუსეთი რეზერვებს აფხაზეთიდან და ყარაბაღიდან სამშვიდობოების გაყვანით ქმნის

19:59 შაბათი, 12 მარტი 2022

რუსეთმა ომის დაწყების წინ უკრაინაში 90-ზე მეტი ბატალიონი შეიყვანა, მათგან 15 თითქმის მთლიანადაა განადგურებული, 20-ზე კი ქმედუუნაროა. ამის შესახებ დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

არესტოვიჩის ინფორმაციით, ახლა რუსეთი დამატებითი ძალების მობილიზებას ცდილობს – სამხედროები გამოჰყავს ოკუპირებული აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან, მობილიზაცია აქვს გამოცხადებული რუსეთში, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, ვრცელდება ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებებში სირიელების ჩართვაზეც.

„ცოტა რეზერვი კიდევ აქვთ. ახლა რეზერვებს აგროვებენ აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან სამშვიდობოების მოხსნით. ცდილობენ, ნაწილობრივი მობილიზაციის საფარქვეშ სამხედროები მოაგროვონ და ტაქტიკური ჯგუფის 20-30 ბატალიონი აღადგინონ. რამდენად ეფექტური იქნება ამ ადამიანების ბრძოლისუნარიანობა, ადვილი მისახვედრია“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, რუსებს ექნებათ შეტევის კიდევ ერთი მცდელობა იმ მიმართულებებით, სადაც წარმატებას მიაღწიეს – გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, მარიუპოლში, ხარკოვში და, შესაძლოა, კიევის ოლქშიც.

„ამას კიდევ შესაძლოა 10 დღე დასჭირდეს, ერთი კვირა ბრძოლის დაწყების შემდეგ. კიდევ ორ-სამ კვირას ვაძლევ, მათი რესურსი მალე ამოიწურება და „კურდღლებს“ დაემსგავსებიან, აღარაფერი დარჩებათ, რითაც ომის გაგრძელებას შეძლებენ“, – აღნიშნა ოლექსეი არესტოვიჩმა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან 17 დღეში მტრის დანაკარმა 12 000-ზე მეტი სამხედრო შეადგინა, გარდა ამისა, განადგურებული ან დაზიანებულია: 362 ერთეული ტანკი, 1205 – ჯავშანტექნიკა, 135 – საარტილერიო სისტემა, 62 – ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 33 – საჰაერო-საზენიტო სისტემები, 58 – თვითმფრინავი, 83 – ვერტმფრენი, 585 – ავტომობილი, 3 – გემი/მოტორიანი ნავები, 60 – საწვავის ავზი, 7 – უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. ასევე უცნობია, ომის განმავლობაში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]